"ევროპული საქართველო" საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევისთვის გამოწერილი ჯარიმების ჩამოწერას ითხოვს

„ევროპული საქართველო“ მთავრობას საგანგებო მდგომარეობის პირობებში გამოწერილი ჯარიმების გაუქმებისკენ მოუწოდებს.

როგორც „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა სერგი კაპანაძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, თანხები რომლებიც ჯარიმების სახით მთავრობამ მოსახლეობას „დააწერა“ 18 მილიონ ლარს აღემატება და ჩვენს მოქალაქეებს ამის გადახდის საშუალება არ აქვთ.

„ძალიან დიდი პრობლემა იყო ჩვენი თანამოქალაქეებისთვის ის ჯარიმები, რომლებიც დაწესდა. 4000-ზე მეტი ადამიანი დაჯარიმდა კომენდანტის საათის დარღვევისთვის და 1700-ზე მეტი მანქანაში შეზღუდვების დარღვევისთვის. ჯამში, თანხები, რომლებიც დააწერა ჯარიმების სახით მთავრობამ, მოსახლეობას აღემატება 18 მილიონ ლარს. ეს არის საკმაოდ დიდი ჯარიმები და ჩვენს მოქალაქეებს ამის გადახდის საშუალება არ აქვთ. „ევროპული საქართველო“ მოუწოდებს მთავრობას ეს ჯარიმები ჩამოაწეროს მოსახლეობას და ისედაც მძიმე ეკონომიკურ მდგომარეობაში მყოფ ჩვენს თანამოქალაქეებს ზედმეტ ტვირთად არ დააკისროს. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი იმისთვის, რომ ეკონომიკამ ამოისუნთქოს და რაღაც ნაბიჯებით წავიდეს წინ“, - განაცხადა სერგი კაპანაძემ.