საფრანგეთის განვითარების სააგენტომ საქართველოსთვის 190 მილიონი ევრო გამოყო

საფრანგეთის განვითარების სააგენტომ საქართველოსთვის 190 მილიონი ევრო გამოყო. ამის შესახებ ინფორმაციას საფრანგეთის საელჩო ავრცელებს.

მათივე ცნობით, თანხა COVID19-ის პანდემიის კრიზისული რეაგირების გეგმის მხარდასაჭერას მოხმარდება.

„2020 წლის 9 აპრილს, მსხვილმა საერთაშორისო დონორებმა, მათ შორის საფრანგეთის განვითარების სააგენტომ (AFD), გამოხატეს თავიანთი მტკიცე მხარდაჭერა საქართველოსთვის, რადგან ის არის COVID19 პანდემიით გამოწვეული ჯანმრთელობისა და ეკონომიკურ გავლენის წინაშე. 2020 წლის 22 მაისს, აღნიშნული მხარდაჭერა განხორციელდა, როდესაც საფრანგეთის განვითარების სააგენტომ და საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ ხელი მოაწერეს მთლიანობაში 190 მილიონი ევროს ოდენობის სესხის ორ ხელშეკრულებას. პირველი, 70 მილიონი ევროს ოდენობის სასესხო ხელშეკრულება მიზნად ისახავს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სისტემის მხარდაჭერის გაგრძელებას, საქართველოს მიერ COVID19 წინააღმდეგ ბრძოლის დროს. მეორე სესხის ხელშეკრულება, რომელიც 120 მილიონი ევროს შეადგენს, მიზნად ისახავს ელექტროენერგიის სექტორის რეფორმების გაღრმავებას, დაუცველ მომხმარებელთა მოვლაზე განსაკუთრებული ყურადღების გამახვილებით. თავდაპირველად გათვალისწინებულ ვალდებულებებთან შედარებით, ამ სესხის ხელშეკრულებების ოდენობა გაიზარდა 110 მილიონი ევროთი, COVID19– ის წინააღმდეგ ბრძოლასთან დაკავშირებული ძალისხმევის გათვალიწინებით“, - აღნიშნულია საფრანგეთის საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მათივე ინფორმაციით, აღნიშნულ ორ სასესხო ხელშეკრულებას ხელი მოაწერეს: საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ბატონმა ივანე მაჭავარიანმა, საქართველოში საფრანგეთის ელჩმა ბატონმა დიეგო კოლასმა და საფრანგეთის განვითარების სააგენტოს (AFD) სამხრეთ კავკასიის რეგიონალური სააგენტოს დირექტორმა გაელ ასაიაგმა.

„სოციალური დაცვის სამწლიანი პროგრამის (2018-2020) მიზანია უზრუნველყოს საქართველოში მიმდინარე რეფორმების ფინანსური და ტექნიკური დახმარება: სოციალური დაცვისა და სოლიდარობის სისტემის გაძლიერება დაუცველი მოსახლეობის სასარგებლოდ; ჯანდაცვის სისტემის ეფექტურობის, ხარისხისა და ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება და COVID19 პანდემიის ჯანმრთელობის რეაგირების გეგმის მხარდაჭერა; იძულებით გადაადგილებულ პირთა დახმარების სისტემის ადაპტირება, იმგვარად რომ მოხდეს ყველაზე დაუცველი მოსახლეობის საჭიროებების უკეთესად დაკმაყოფილება. მეორე პროგრამა, რომელიც თანადაფინანსებულია საფრანგეთის განვითარების სააგენტოსა და KfW განვითარების ბანკის მიერ და მხარდაჭერილია ევროკავშირის მიერ გამოყოფილი გრანტით, მიზნად ისახავს საქართველოსთვის ელექტროენერგიის სექტორის რეფორმების მხარდაჭერას შემდეგი მიმართულებებით: მარეგულირებელი წესდების განსაზღვრა, რომელიც ხელს შეუწყობს ენერგოეფექტურობის გაუმჯობესებას; ელექტროენერგიის ბაზრის ევროკავშირში მოქმედი მოდელის მიხედვით ჩამოყალიბება, რაც ხელს შეუწყობს განახლებადი ენერგიის ახალი შესაძლებლობების ინტეგრაციას; მოწყვლადი მომხმარებლების დახმარება, როგორც COVID19-ის კრიზისის დროს სპეციფიკური სოციალური დახმარების სისტემის შექმნით, ასევე გრძელვადიან პერსპექტივაში, ელექტროენერგიის ბაზრის რეფორმირების ნაწილში“, - აღნიშნულია საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

”საფრანგეთი, ისევე როგორც მისი მთავარი ევროპელი პარტნიორები და, განსაკუთრებით, ჩვენი გერმანელი პარტნიორები, რომლებთან ერთადაც ჩვენ შევადგენთ ”ევროპის გუნდს”, საქართველოს გვერდით დგას ვირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში, როგორც მოკლევადიან პერიოდში ჯანდაცვის სფეროში, ასევე საშუალო და გრძელვადიან პერიოდში, განსაკუთრებით ეკონომიკური გაჯანსაღების დროს. პრეზიდენტებს, ბატონ მაკრონსა და ქალბატონ ზურაბიშვილს, შორის ურთიერთდახმარებისა და მეგობრობის მესიჯების გაცვლა, დღეს, მატერიალიზდება საფრანგეთისგან უპრეცედენტო ფინანსური დახმარებით, რაც ხაზს უსვამს ჩვენს ორ ქვეყანას შორის პარტნიორობის მნიშვნელობას. ეს გვიჩვენებს საფრანგეთსა და საქართველოს შორის სტრატეგიული პარტნიორობის სიძლიერეს, რომელიც თავადი ამილახვარის სახელს ატარებს“, - განაცხადა შეთანხმებების ხელმოწერასთან დაკავშირებით, საფრანგეთის ელჩმა დიეგო კოლასმა.

საფრანგეთის განვითარების სააგენტოს (AFD) სამხრეთ კავკასიის რეგიონალური სააგენტოს დირექტორი გაელ ასაიაგი ამბობს, რომ საფრანგეთის განვითარების სააგენტო სრულად არის მობილიზებული საქართველოში, რათა დაეხმაროს ქვეყანას COVID19-ის პანდემიით გამოწვეულ ჯანმრთელობის, ეკონომიკურ და სოციალურ კრიზისთან ბრძოლაში.

„დაფინანსების გარდა, რამაც მთავრობას შესაძლებლობა მისცა სწრაფად აემოქმედებინა კრიზისის რეაგირების გეგმა, ეს პროგრამები ძირითადი რეფორმების განხორციელების საშუალებას იძლევა, სოციალური დაცვის, ჯანმრთელობისა და ენერგეტიკის სექტორის ეფექტიანობის გაძლიერებისთვის გრძელვადიან პერსპექტივაში საქართველოს მთელი მოსახლეობის სასარგებლოდ და განსაკუთრებით კი დაუცველი მოსახლეობისთვის“, - განაცხადა ასაიაგიმ.