საფრანგეთის ფინანსთა მინისტრი - Renault-ს გაქრობა ემუქრება

საფრანგეთის ფინანსთა მინისტრი აცხადებს, რომ სახელმწიფოს მხრიდან სასწრაფო დახმარების გარეშე, „რენოს“ გაქრობა ემუქრება.

იმავდროულად, Renault-ს თანაალიანსელი Nissan 20 000 თანამშრომლის დათხოვნას გეგმავს და დათხოვნების უმეტესობა ევროპაში განხორციელდება.

უკვე ორი ათეული წელია, რაც ფრანგული და იაპონური კომპანიები ალიანსში იმყოფებიან, თუმცა მათ პარტნიორობას სერიოზული საფრთხე დაემუქრა მას შემდეგ, რაც 2018 წლის ნოემბერში, იაპონიაში ალიანსის შეფი კარლოს გონი, ფინანსური მაქინაციების ბრალდებით დააკავეს.

ორი კომპანია ალიანსის სამუშაო გეგმების შესახებ განცხადებას ამზადებს. ახალი კორონავირუსის პანდემიის და მისგან გამოწვეული უარყოფითი ეკონომიკური ეფექტების გამო, ალიანსი სტრატეგიულ სამოქმედო გეგმაში ცვლილების შეტანას აპირებს და სავარაუდოდ, განცხადებაც ამ საკითხს შეეხება.

საფრანგეთის ფინანსთა მინისტრი ბრუნო ლე მერი, Renault-სთვის კრიზისის გადასატანად, 5 მილიარდი ევროს კრედიტის გამოყოფას გეგმავს. და ამას იმით ამართლებს, რომ ავტოგიგანტის მომავალი საფრთხის ქვეშაა. „დიახ, Renault-ს გაქრობა ემუქრება“, - რადიო „ევროპა 1-თან“ საუბრისას განაცხადა ლე მერმა.

მინისტრი ხაზგასმით ამბობს, რომ Renault-ის ფლინსის ქარხანა, რომელიც პარიზის მახლობლად მდებარეობს, არ უნდა დაიხუროს. ამასთან, კომპანიამ რაც შეიძლება მეტი სამუშაო ადგილი უნდა შეინარჩუნოს. ამასთან, ავტომწარმოებლისთვის კონკურენტუნარიანობის შესანარჩუნებლად ყველაფერი უნდა გაკეთდეს.

ფლინსის ქარხანა პარიზის ჩრდილო-დასავლეთით მდებარეობს და იქ პოპულარულ ელექტრომობილ „ზოის“ აწარმოებენ. გარდა ამისა, ეს ქარხანა Nissan-ისთვის პოპულარულ სუბკომპაქტურ მოდელ „მიკრასაც“ აწარმოებს. ქარხანაში 2 600-ზე მეტი ადამიანია დასაქმებული.

სულ კი Renault-ს მსოფლიოს 16 ქვეყანაში 40 ქარხანა და 13 ლოჯისტიკური ცენტრი აქვს.