გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის, ლევან დავითაშვილის განცხადებით, 20 მაისიდან, მთელი საქართველოს მასშტაბით, წარმატებით ხორციელდება ანტიკრიზისული გეგმის ფარგლებში შემუშავებული აგროდიზელის პროგრამა, რომლითაც უკვე 5 000-ზე მეტმა ფერმერმა ისარგებლა.
როგორც მინისტრმა აღნიშნა, ფერმერები დიზელის საწვავის შეძენისას მნიშვნელოვან შეღავათს იღებენ. მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, მოსახლეობას დამატებითი განმარტებები მიეწოდოს აგროდიზელის ფასებთან დაკავშირებით, რათა გარკვეულ სპეკულაციებს არ ჰქონდეს ადგილი.
„დღეის მონაცემებით, აგროდიზელის პროგრამით 5 000-ზე მეტმა ფერმერმა ისარგებლა. ჩვენი სამინისტროს რეგიონულმა საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურებმა უკვე გასცეს 2 700 000 ლიტრზე მეტი საწვავის ტალონი. დღეისათვის, საწვავის საბაზრო ფასი 1.90 -2.06 ლარის ფარგლებშია. აგროდიზელის პროგრამის საშუალებით, ფერმერები საბაზრო ფასთან შედარებით, დაახლოებით, 1 ლარამდე შეღავათს იღებენ „სოკარის“ საბითუმო ბაზებსა და ავტოგასამართ სადგურებზე საწვავის შესყიდვისას. აგროდიზელის პროგრამის ფარგლებში, საწვავის ავტოგასამართ სადგურებზე შეძენისას, 1 ლიტრის ფასი 1.16 ლარია, ხოლო საბითუმო ბაზებიდან შესყიდვის შემთხვევაში, რაც 1 500 ლიტრზე მეტი საწვავის შეძენას გულისხმობს, საწვავის ფასი - 1.07 ლარს შეადგენს“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.
მინისტრის თქმით, აგროდიზელზე შეღავათი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროგრამაა, რომელიც მომავალ წლებშიც განხორციელდება.
აღნიშნულ კომენტარს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.