21 მაისს ცნობილი გახდა, რომ უკრაინის საინვესტიციო ფონდს ლევან ვარშალომიძე უხელმძღვანელებს. ეს ერთ-ერთია იმ მრავალ შემთხვევათაგან, როდესაც ყოფილი თანამდებობის პირი საქართველოს მთავრობიდან წასვლის შემდეგ, მუშაობას საზღვარგარეთ, ასევე საკმაოდ მაღალ პოზიციაზე აგრძელებს.
AMBEBI.GE გაგახსენებთ ყოფილ ჩინოვნიკებს, რომელთაც საქართველოში სხვადასხვა დროს მაღალი თანამდებობა ეკავათ და ქვეყნიდან წასვლის შემდეგ არასამთავრობო თუ პოლიტიკურ სექტორში არანაკლები წარმატებით გაიკეთეს კარიერა.
მიხეილ სააკაშვილი ერთ-ერთი პირველი ამ ჩამონათვალში საქართველოს ყოფილი პრეზიდენტია. მიხეილ სააკაშვილის ამჟამინდელი ოფიციალური თანამდებობა უკრაინის რეფორმებისეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის ხელმძღვანელობაა. პოსტზე ის 2020 წლის 7 მაისს დაინიშნა.
სააკაშვილი, რომელიც 2004-2013 წლებში საქართველოს მესამე პრეზიდენტი იყო, 2015 წლის 13 თებერვალს უკრაინის მაშინდელმა პრეზიდენტმა, პეტრო პოროშენკომ ქვეყნის რეფორმების საერთაშორისო მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარედ დანიშნა. მას უკრაინაში რეფორმების საკითხებში საერთაშორისო გუნდის შექმნა დაევალა. მრჩეველთა საბჭოს ძირითადი ფუნქცია უკრაინის პრეზიდენტისათვის სხვადასხვა მიმართულებით რეკომენდაციებისა და რჩევების მომზადება იყო.
იმავე წლის 30 მაისს ყოფილმა პრეზიდენტმა საქართველოს მოქალაქეობა დათმო, უკრაინის მოქალაქეობა მიიღო და პოროშენკომ ოდესის ოლქის გუბერნატორად დანიშნა. 17-თვიანი საქმიანობის შემდეგ, ოდესის გუბერნატორის პოსტი დატოვა, უკრაინის პრეზიდენტი კი კორუფციასა და კლანურ მმართველობაში ამხილა.
ყოფილ პრეზიდენტთან გაფუჭებული ურთიერთობის შემდეგ, სააკაშვილმა უკრაინის ახალ ხელისუფლებასთანაც შეძლო საერთო ენის გამონახვა. 2020 წლის აპრილში ექს-პრეზიდენტმა განაცხადა, რომ პრეზიდენტმა ზელენსკიმ უკრაინის ვიცე-პრემიერობა შესთავაზა, თუმცა, საბოლოოდ, უკრაინის რადაში მისი კანდიდატურა არ განხილულა.
მაისში კი, უკრაინის პრეზიდენტმა სააკაშვილს ახალი თანამდებობა გამოუნახა და რეფორმების ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის ხელმძღვანელად დანიშნა. აღნიშნულს საქართველოს მთავრობის ნეგატიური რეაქცია და უკრაინაში საქართველოს ელჩის ქვეყანაში დაბარება მოჰყვა, რაზეც ზელენსკის პასუხი იყო: "ვფიქრობ, ეს ქართული მხარის შეცდომაა. სააკაშვილი უკრაინის მოქალაქეა, მე კი უკრაინის პრეზიდენტი ვარ, რომელმაც ის დანიშნა".
ნიკა გილაური
საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, "ნაციონალების" მთავრობაში რამდენიმე მაღალი თანამდებობა გამოიცვალა და საერთო ჯამში, მინისტრთა კაბინეტში 8 წელი გაატარა. 2004 წელს ენერგეტიკის მინისტრად დაინიშნა, 2007-2009 წლებში ფინანსთა მინისტრი იყო, 2009 წლის 6 თებერვლიდან 2012 წლამდე კი - პრემიერ-მინისტრი.
2012 წელს გილაურმა "საპარტნიორო ფონდის" ხელმძღვანელობა ჩაიბარა, თუმცა ეს პოსტი ხელისუფლების შეცვლის შემდეგ დატოვა. იმავე წელს კომპანია "რეფორმატიკსი" დააარსა, რომლის საქმიანობის კატეგორიები საკონსულტაციო მომსახურება და ფინანსებია.
“რეფორმატიკსი“ თანამშრომლობს მსოფლიოს გარშემო საჯარო სექტორის ლიდერებთან და ეხმარება მათ სწრაფი ეკონომიკური ზრდის და საჯარო პოლიტიკის სფეროში ინოვაციური მიდგომების განვითარებაში.
გილაური, როგორც "რეფორმატიკსის" მმართველი პარტნიორი, კონსულტაციას უწევდა მსოფლიოს 3 კონტინენტის მაღალი რანგის თანამდებობის პირებსა და პოლიტიკოსებს, პრეზიდენტებისა და პრემიერ-მინისტრების ჩათვლით.
2014 წლიდან ნიკა გილაური ამერიკული მენეჯმენტ-საკონსულტაციო კომპანია McKinsey & Company-ის მთავარი მრჩეველიცაა.
ვერა ქობალია
ეკონომიკის ყოფილი მინისტრი ამჟამად კანადაში ცხოვრობს, სადაც აფხაზეთის ომის შემდეგ, 1996 წელს ოჯახთან ერთად იყო ემიგრირებული, 2010 წელს საქართველოში დაბრუნდა და მთავრობაში დასაქმდა.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პოსტს ის 2010 წლის 2 ივლისიდან 2012 წლის 25 ოქტომბრამდე იკავებდა.ვერა ქობალიას ოჯახს კანადაში საოჯახო ბიზნესი აქვს
ქობალია, რომელიც "ნაციონალური მოძრაობის" მთავრობაში მნიშვნელოვან პოსტს იკავებდა, 2012 წლის ახალგაზრდა მსოფლიო ლიდერად დაასახელა "მსოფლიოს ეკონომიკურმა ფორუმმა", რაც ქართველი პოლიტიკოსისთვის მსგავს ნომინაციაში გამარჯვების პირველი პრეცედენტია.
2012 წელს ხელისუფლების შეცვლის შემდეგ საქმიანობა კერძო სექტორში გააგრძელა, პარალელურად, კითხულობდა ლექციებს პოლონეთის დიპლომატიურ აკადემიაში, თემებზე - „კორუფციასთან ბრძოლა საჯარო სექტორში", „საქართველოს გამოცდილება კორუფციასთან ბრძოლაში" და „რეფორმები საჯარო სექტორში". ეკონომიკის ყოფილი მინისტრი ყაზახური კომპანია "ასტანა ექსპო 2017"-ის დირექტორის მოადგილის პოსტზეც საქმიანობდა.
2016 წელს ქობალია ინდონეზიაში საერთაშორისო ბიზნეს-მრჩევლად დანიშნა. მისი ძირითადი ფუნქცია ბიზნეს და ეკონომიკური რეფორმების მიმართულებით ინდონეზიის მთავრობისთვის რჩევების მიცემა და კონსულტაცია იყო.
ამჟამად ის ეკონომიკური ფორუმის ფინანსური განვითარების საბჭოს წევრია, ასევე, ჰონგ-კონგის უნივერსიტეტში კვლევებს ატარებს ტექნოლოგიების მიმართულებით.
გიორგი კვირიკაშვილი
"ოცნების" მთავრობის ყოფილი პრემიერ-მინისტრი პოსტიდან წასვლის შემდეგ რამდენიმე თვეში ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტში - ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკში (EBRD) საერთაშორისო მრჩევლის პოზიციაზე დაინიშნა და უზბეკეთის მთავრობას უწევს კონსულტაციას. მისი საქმიანობა EBRD-ის ეგიდით უზბეკეთის მთავრობისთვის საჯარო და კერძო სტრუქტურებს შორის დიალოგის პლატფორმის შექმნაში დახმარებას გულისხმობს.
კვირიკაშვილი საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე 2015 წლის დეკემბერში დაინიშნა, 2018 წლის 13 ივნისს კი თანამდებობიდან გადადგა, რის მიზეზადაც ადმინისტრაციაში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე მასსა და მმართველ გუნდს შორის გარკვეული მიმართულებებით არსებული აზრთა სხვადასხვაობა დაასახელა.
"იყო რიგი ფუნდამენტური საკითხებისა, რომლებშიც მქონდა პარტიის თავმჯდომარისგან განსხვავებული პოზიციები და მოსაზრებები. 2012 წლიდან მოყოლებული, ჯერ კიდევ მინისტრობის პერიოდში, არასდროს მოვრიდებივარ პოლემიკას. ვფიქრობ, დღეს არის მომენტი, როდესაც პარტიის თავმჯდომარეს უნდა მიეცეს საშუალება, რომ გუნდი დააკომპლექტოს იმ შეხედულებებიდან გამომდინარე, რომელიც მას გააჩნია" - განმარტა კვირიკაშვილმა.
პრემიერობამდე, 2012-2015 წლებში კვირიკაშვილი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი იყო, 2015 წელს, რამდენიმე თვის განმავლობაში საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობა ეკავა. "ოცნების" ხელისუფლებაში იქ "ქართუ ბანკიდან" მოვიდა, სადაც 2006-2011 წლებში გენერალური დირექტორის თანამდებობას იკავებდა. იხილეთ სრულად