Visa-ს საქველმოქმედო ფონდმა დღეს განაცხადა, რომ წითელ ჯვარს 1,6 მილიონი აშშ დოლარით დაეხმარება. გრანტის მიზანია, ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში, ახლო აღმოსავლეთსა და აფრიკაში წითელი ჯვრის მიერ განხორციელებული COVID-19-თან საბრძოლველად მიმართული პროგრამების მხარდაჭერა. წითელი ჯვარი პანდემიის წინა ხაზზეა და კრიტიკულად მნიშვნელოვან მომსახურებას უწევს მოწყვლად ჯგუფებს საზოგადოებრივი ჯანდაცვის, კატასტროფებზე რეაგირებისა და დახმარების სერვისების საშუალებით.
როგორც Visa-ს საქართველოს წარმომადგენლობაში აცხადებენ, აღნიშნული გრანტი Visa-ს საქველმოქმედო ფონდის მიერ მანამდე გამოცხადებული 210 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის გლობალური დახმარების ვალდებულების ნაწილია. ამ თანხიდან 10 მილიონი აშშ დოლარი გამოყოფილია COVID-19-ის დაძლევის მხარდასაჭერად, არსებული პირველადი საჭიროებებისთვის, რაც მსოფლიოს მასშტაბით მომუშავე ორგანიზაციებს აქვთ. დანარჩენი 200 მილიონი აშშ დოლარი მცირე და მიკრო ბიზნესების გრძელვადიანი საჭიროებების მხარდაჭერაზე იქნება ორიენტირებული მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში. მთლიანობაში, მხოლოდ წითელი ჯვრის პროგრამების მხარდასაჭერად COVID-19-ის წინააღმდეგ Visa-ს ფონდი 4,3 მილიონ აშშ დოლარს გამოყოფს.
„COVID-19-ის პანდემიის შედეგად მთელი მსოფლიო უპრეცედენტო გამოწვევების წინაშე აღმოჩნდა, რომელმაც უზარმაზარი წნეხის ქვეშ მოაქცია საზოგადოებრივი ჯანდაცვისა და სხვა ძირითადი სერვისების მიმწოდებლები. ჩვენ უაღრესად მადლობელნი ვართ ყველა ჰუმანიტარული ორგანიზაციის დაუღალავი შრომისთვის და მოხარულნი ვართ, რომ Visa-ს ფონდის გრანტები მხარს დაუჭერს წითელი ჯვრის ძალისხმევას, “ - აღნიშნა ენდრიუ ტორემ, Visa-ს რეგიონულმა პრეზიდენტმა ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის, ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკის ქვეყნებში (CEMEA).
ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის, ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკის რეგიონში COVID-19-მა დამატებითი გამოწვევები შეუქმნა ჯგუფებს, რომელთა უმეტესობა ისედაც განიცდიდა სიღარიბეს, დაუცველობას, კონფლიქტების ან კლიმატური ცვლილების შედეგებს. წითელი ჯვრისთვის გამოყოფილი გრანტი მიზნად ისახავს საჭირო დახმარების გაწევას რეგიონში სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი მომსახურებების მიწოდების გასაგრძელებლად.
მომავალი 5-წლიანი პროგრამა, რომელიც 200 მილიონი აშშ დოლარის მოიცავს, ხელს შეუწყობს მცირე და მიკრო ბიზნესის განვითარებას, აქცენტს გააკეთებს ქალთა ეკონომიკურ წინსვლაზე, რადგან ორივე მიმართულება გადამწყვეტი მნიშვნელობისაა COVID-19 პანდემიით გამოწვეული შედეგების გრძელვადიანი ეკონომიკური აღმოფხვრისთვის. მოცემული ვალდებულება გულისხმობს Visa-ს ფონდის მიერ მცირე და მიკრო ბიზნესისთვის გაწეული გრძელვადიანი მხარდაჭერის კიდევ უფრო გაფართოებას. ფონდის საგრანტო და საინვესტიციო სტრატეგიის შესახებ დამატებით ინფორმაციას უახლოესი თვეების განმავლობაში გაგიზიარებთ.