პასპორტის დაკარგვის შემთხვევაში, მოქალაქეები ვალდებულნი იქნებიან, ახალი პასპორტის ასაღებად, სხვა დოკუმენტებთან ერთად, სამართალდამცავი ორგანოსთვის მიმართვის დამადასტურებელი დოკუმენტიც წარმოადგინონ. პარლამენტმა მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა (81 მომხრე) „საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების პროექტს.
კანონპროექტის თანახმად, დაკარგვის საფუძვლით პასპორტის შეცვლის დროს მოთხოვნას თან უნდა დაერთოს დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს, რომ პასპორტის დაკარგვისას სამართალდამცავი ან სხვა კომპეტენტური ორგანოსთვის მიმართვა მოხდა.
ამასთან, ახალი რედაქციით ყალიბდება ამავე კანონის 202 მუხლის 86 პუნქტი, რომლის შესაბამისად, პასპორტის დაკარგვის თაობაზე სამართალდამცავი ან სხვა კომპეტენტური ორგანოებისათვის მიმართვის დამადასტურებელი დოკუმენტი ლეგალიზებისა და აპოსტილით დამოწმების გარეშე მიიღება.
კანონპროექტი ითვალისწინებს გარდამავალი ხასიათის ნორმას, რომლის თანახმად, კანონის ამოქმედებამდე მიღებულ განაცხადებზე არ გავრცელდება ამავე კანონით გათვალისწინებული დოკუმენტის წარმოდგენის ვალდებულება.
კანონპროექტის ინიციატორი საქართველოს მთავრობაა, რომელიც მიუთითებს, რომ კანონპროექტის მომზადება პრაქტიკაში გამოვლენილმა შემთხვევებმა განაპირობა.
„გამოვლინდა შემთხვევები, როდესაც დოკუმენტის დაკარგვის საფუძვლით სსიპ - სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიმართავენ ის პირებიც, რომლებსაც დოკუმენტი რეალურად არ დაუკარგავთ და შემდგომ ამ დოკუმენტებით ცდილობენ საზღვრის გადაკვეთას - როგორც საქართველოდან გასვლას, ასევე შენგენის ზონაში გადაადგილებას. ის გარემოება, რომ უცხო ქვეყანაში ხშირად ვერ ხერხდება მოქმედი დოკუმენტის იდენტიფიცირება, პრობლემებს უქმნის ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის რეჟიმს,” - ნათქვამია კანონპროექტის განმარტებით ბარათში.