აგროდიზელით ფერმერების უზრუნველყოფის სახელმწიფო პროგრამა სამეგრელო-ზემო სვანთის რეგიონში შეუფერხებლად მიმდინარეობს , - აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის პრესსამსახური ავრცელებს.
როგორც მათ ინფორმაციაშია აღნიშნული, შეღავათიან ფასად აგროდიზელით ფერმერების უზრუნველყოფის პროგრამის მიმდინარეობას სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე მალხაზ თორია გაეცნო. აგროდიზელის ბარათი, რეგიონში 2 დღის განმავლობაში უკვე აიღო 600-მდე ფერმერმა.
სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული სამსახურის უფროსმა, გიორგი ქვარაიამ სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილეს რეგიონში პროგრამის მიმდინარეობის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა.
აგროდიზელით ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში ფასდაკლების ბარათები ფერმერებისთვის ეტაპობრივად გაიცემა, როგორც იუსტიციის სახლებსა და საზოგადოებრივ ცენტრებში (my.gov.ge-ზე ვიზიტის წინასწარი დაჯავშნის პრინციპით), ასევე სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს რეგიონულ სამსახურებსა და მუნიციპალიტეტებში არსებულ საინფორმაციო-საკონსულტაციო ცენტრებში; 27 მაისიდან აგროდიზელის ფასდაკლების ბარათებს გასცემს "ლიბერთი ბანკის" ფილიალებიც.
ანტიკრიზისული გეგმის ფარგლებში, დიზელის შეღავათიან ფასად მიღებას შეძლებენ სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთის მფლობელი ის ფიზიკური და იურიდიული პირები, რომელთაც გააჩნიათ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში საკუთრებად რეგისტრირებული არანაკლებ 0.25 ჰა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, გარდა საძოვარისა, ან პირები, რომლებიც მოახდენენ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების პირველად რეგისტრაციას და დაზუსტებას.