დღეიდან დახურულ საჯარო სივრცეებში კვლავ სავალდებულო იქნება პირბადეების ტარება, მათ შორის სავაჭრო ობიექტებშიც, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა, ირაკლი ჩიქოვანმა დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, ასევე, სავალდებულო იქნება სოციალური დისტანციის დაცვა.
„23 მაისიდან დახურულ საჯარო სივრცეებში სავალდებულო იქნება პირბადეების ტარება, მათ შორის სავაჭრო ობიქტებშიც. ასევე, სავალდებულო იქნება სოციალური დისტანციის დაცვა. ბოლნისის მუნიციპალიტეტში კარანტინი გაუქმებულია და საკარანტინე ზონებად რჩება მხოლოდ სოფელი მუშევანი და სოფელი გეტა, სადაც ამ ეტაპზე აქტიური პრევენციული ეპიდემიოლოგიური ღონისძიებები მიმდინარეობს. საკარანტინო ზონად კვლავაც რჩება თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი. უქმდება ავტომობილებში სამკაციანი შეზღუდვა და ეს შეზღუდვა იმოქმედებს მხოლოდ და მხოლოდ ტაქსით მომსახურების დროს. ასევე, ყველა ტაქსის მძღოლი ვალდებული იქნება, გამოიყენოს პირბადე. ასევე უქმდება შეზღუდვა სახლიდან გასვლის შესახებ 70 წლისა და მეტი ასაკის ადამიანებისთვის, მაგრამ ვინაიდან ეს ადამიანები მაღალი რისკის ჯგუფს წარმოადგენენ, ჩვენ მივმართავთ მათ რეკომენდაციით, რომ უკიდურესი აუცილებლობის გარდა, სახლიდან არ გავიდნენ და დარჩნენ შინ", - განაცხადა ჩიქოვანმა.