გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა და იტალიის რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის, კვების და სატყეო პოლიტიკის მინისტრმა, ტერეზა ბელანოვამ ონლაინ ფორმატის შეხვედრაზე პანდემიის გამო ევროპაში ღვინის დარგში შექმნილი ვითარება განიხილეს.
როგორც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროდან იუწყებიან, შეხვედრაში მონაწილეობდნენ ევროკავშირის სოფლის მეურნეობის განვითარების კომისიის ვიცე-პრეზიდენტი პაოლო დე კასტრო, იტალიის სავაჭრო, ინდუსტრიის, სახელოსნო და სოფლის მეურნეობის პალატების გაერთიანების ვიცე-პრეზიდენტი და კაზერტას სავაჭრო პალატის პრეზიდენტი ტომაზო დე სიმონე, ვაზისა და ღვინის საერთაშორისო ორგანიზაციის ვიცე-პრეზიდენტი ლუიჯი მოიო, იტალიის ღვინოების გაერთიანების პრეზიდენტი ერნესტო აბონა და ასოციაციის „ქართული ღვინო“ დირექტორი თინა კეზელი.
„კორონავირუსის გავრცელებით შექმნილმა ვითარებამ, ფაქტობრივად ევროპის ყველა ქვეყანაში, ღვინის გაყიდვებთან დაკავშირებით, პრობლემები შექმნა. შეხვედრაზე ევროკავშირის ვიცე-კომისარმა სოფლის მეურნეობის და სოფლის განვითარების დარგში, ღვინის სექტორთან დაკავშირებით არსებული ვითარება მიმოიხილა. საუბარი შეეხო მომავალ რთველს, რომელიც ღვინის მწარმოებელი ქვეყნებისთვის, ბოლო რამდენიმე წელთან შედარებით, ყველაზე დიდი და რთული გამოწვევა იქნება. დარგის გადასარჩენად, ქვეყნების მთავრობები სხვადასხვა სამოქმედო გეგმებს განიხილავენ. ბევრ მათგანს რადიკალური ნაბიჯების გადადგმა მოუწევს. იტალიის სოფლის მეურნეობის მინისტრმა ღიად და პირდაპირ დააფიქსირა, რომ არ უნდა შევქმნათ ცრუ მოლოდინები. ახალ შესაძლებლობებთან დაკავშირებით, სწორი აქცენტები უნდა გაკეთდეს. რეალურად, ბევრი თვე და წლებიც კი კრიზისი იქნება აგროსასურსათო დარგში და განსაკუთრებით მეღვინეობაში. შეხვედრაზე ვისაუბრეთ საქართველოში არსებულ პრობლემებზე, მათ შორის მეღვინეობაში. განსაკუთრებით მცირე და საშუალო მეწარმეები დაზარალდნენ. ისინი, ძირითადად, ტურისტებზე იყვნენ დამოკიდებულები. დღეს ჩვენთვის მნიშვნელოვანია ამ სეგმენტის მხარდაჭერა“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.
„ონლაინ ფორმატში შეხვედრა ძალიან მნიშვნელოვანი სტუმრების მონაწილეობით ჩატარდა. შეხვედრაზე საუბარი იყო „მერანოს ღვინის ფესტივალზეც“, რომელიც, სრულიად ახალი კონცეფციით, წლის ბოლოს ჩატარდება. აღსანიშნავია, რომ „მერანოს ფესტივალს”, 2021 წელს, საქართველო უმასპინძლებს. მოსამზადებელი სამუშაოები იტალიურ მხარესთან ერთად მიმდინარეობს“, - განაცხადა თინა კეზელმა.
„მერანოს 29-ე ღვინის ფესტივალში“ საქართველო საპატიო სტუმრის სტატუსით მიიღებს მონაწილეობას. წლევანდელი ფესტივალის სლოგანია „ვუბრუნდებით ფესვებს“.