წლების განმავლობაში საქართველოში მრეწველობის ისეთი მნიშვნელოვანი დარგიც განადგურდა, როგორიც ეთერზეთების წარმოებაა, არადა, ევროპის ბაზარზე ამ პროდუქციაზე დიდი მოთხოვნაა. მას იყენებენ პარფიუმერიაში, მედიცინაში, კულინარიასა თუ ქიმიურ მრეწველობაში. თავის დროზე საბჭოთა კავშირი რამდენიმე სახეობის ეთერზეთს სწორედ საქართველოდან გზავნიდა. ჩვენთან დღესაც იზრდება ეთერზეთოვანი კულტურები, რომლებიც სხვაგან შედარებით იშვიათია, მაგალითად: რეჰანი, ნემსიწვერა ("გერანი"), ევკალიპტი... ცნობისთვის: წარსულში ჩვენს ქვეყანაში 660 ტონა ვარდის ზეთი მზადდებოდა, ეთერზეთებად გადამუშავდებოდა 1600 ტონა ევკალიპტი. ბალახოვანი ეთერზეთების კულტურები, მაგალითად, ქინძი ან კამა, დაახლოებით 3 000 ჰექტარზე მოჰყავდათ.
საბედნიეროდ, ბოლო წლებში კვლავ გაჩნდა ეთერზეთებისადმი ინტერესი და ამ საქმეს ახმეტაში ზურაბ ნაცვლიშვილმა ჩაუყარა საფუძველი. მართალია, ბევრ სირთულეს უპირისპირდება, მაგრამ მთავარი ის არის, რომ მისი საქმე წინ მიიწევს და ქართულ ეთერზეთს უკვე ევროპაშიც გზავნის.
- ეთერზეთების წარმოებაზე მაშინ ვმუშაობდი, როცა საქართველოში ეს საქმე ზენიტში იყო, 28 ქარხანა მუშაობდა და ეთერზეთოვანი მეურნეობაც რამდენიმე ათას ჰექტარზე გვქონდა. როდესაც წარმოება შეწყდა, ეს საქმე რუსეთში განვაგრძე. მერე, როდესაც ჩემს ქვეყანაში დავბრუნდი, თან ჩემი საქმე, გამოცდილება და ნედლეულის რეალიზაციისთვის საჭირო კავშირები გამოვიყოლე. ოთხი წლის წინ ავიღე იაფი კრედიტი პროექტის - "აწარმოე საქართველოში" - დახმარებით, საწარმო ავაშენე, ქინძისა და კამის პლანტაციებისთვის რამდენიმე ჰექტარი მიწა იჯარით ავიღე და ორ წელიწადში პროდუქცია გამოვუშვი, რომელიც ევროპის ეთერზეთების ლაბორატორიებმა იყიდეს. ამ ლაბორატორიებიდან უკვე დანიშნულების მიხედვით ხდება ეთერზეთების რეალიზაცია კვების მრეწველობისთვის, კულინარიისა თუ მედიცინისთვის.
- თითქოს იოლად კი თქვით, მაგრამ ახალი საქმის აწყობა არსად არ არის იოლი, მით უფრო - ჩვენს ქვეყანაში. თან აღმოჩნდა, რომ კამის ეთერზეთებთან ერთად, ქინძის ეთერზეთებსაც აწარმოებთ. ეს სიახლეა - ქინძის ეთერზეთზე თითქოს არცთუ დიდი მოთხოვნა უნდა ყოფილიყო.
- მოთხოვნა დიდია. ამის გამოცდილება იმ დროიდან მაქვს, როდესაც საბჭოთა მრეწველობა საქართველოში 10-მდე კულტურის ეთერზეთს მაინც აწარმოებდა. ქინძიც მათ შორის იყო. ეთერზეთების გამოსავლიანობა სხვადასხვაა. მაგალითად, ვარდის ეთერზეთს გამოსავლიანობა აქვს 0,15%, ქინძისას კი - 2%. ეს ნიშნავს, რომ თითოეული ეთერზეთის წარმოებისთვის მცენარის ძალიან დიდი რაოდენობა და ფართობია საჭირო. ამიტომაც შეძლებისდაგვარად რამდენიმე ჰექტარი მიწა ავიღე იჯარით. კულტურა, ჯერჯერობით, სამწუხაროდ, წელიწადში ერთხელ მოგვყავს, თუმცა უფრო უკეთ რომ იყოს აწყობილი სოფლის მეურნეობა, ორჯერ მოყვანაც შეიძლებოდა.
ეთერზეთებს სათბურში ვერ მოიყვან და, შესაძლოა, კლიმატმა გაგიფუჭოს. სხვათა შორის, ქინძიდან და კამიდან ეთერზეთების წარმოება სწორედ ამაზეა გათვლილი - თუ კლიმატმა ან გარემო პირობებმა დამაზიანა, ზარალი შედარებით ნაკლები იქნება. ვთქვათ, ვარდის ეთერზეთების წარმოება რომ დამეწყო და, ღმერთმა დაიფაროს, პლანტაცია გამფუჭებოდა, ზარალი აუნაზღაურებელი იქნებოდა, არადა, წარმოიდგინეთ, კახეთში ახალგაზრდა უცხოელმა ქალბატონმა ვარდის ეთერზეთების წარმოება გარისკა. მიმაჩნია, რომ ამ ადამიანს მართლაც ქება ეკუთვნის ამ გაბედულებისთვის. რაც შემეხება მე, მეტ პროდუქციას ვაწარმოებდი, ჩვენს ქვეყანაში სოფლის მეურნეობის თითოეული რგოლი უფრო ორგანიზებულად და გეგმაზომიერად რომ იყოს აწყობილი, მაგრამ ირგვლივ ისეთი არაორგანიზებულობაა, საქმე მხოლოდ სანახევროდ თუ კეთდება.
- რას გულისხმობთ?
- უპირველესად - ტექნიკას. სახელმწიფომ რეგიონებში სასოფლო ტექნიკა ჩამოიტანა. მსურველს შეუძლია დაიქირავოს და მიწა დაამუშაოს, თუმცა ასე იოლადაც არ არის საქმე. ჯერ ერთი, ტექნიკის დაქირავებისთვის იმდენ ხანს უნდა იდგე რიგში, რომ ლამის ხვნა-თესვის დრო გადადის. თუ გაგიმართლა და ტექნიკა დროულად მოიყვანე, სამუშაო დაწყებული არ აქვთ ჯერ, რომ უფუჭდებათ. ამ ჯახირში კი წვიმები წამოგეწევა, ხვნა-თესვა გვიანდება და მოსავალიც აღარ მოვა. ეს ნიშნავს, რომ სახელმწიფოს მცდელობაც წყალში იყრება და მეწარმისაც. მეწარმემ რომ მოსავალი მოიყვანოს, ან საკუთარი ავტოპარკი უნდა ჰქონდეს, ან სახელმწიფო დაუდგეს გვერდით, რომ როგორმე ეს საკითხი მოუგვაროს. იხილეთ გაგრძელება