საქართველოს მთავრობა ძალაში დატოვებულ შეზღუდვებთან დაკავშირებით გამოცემულ დადგენილებაზე განმარტებას აკეთებს. როგორც „ინტერპრესნიუსს" მთავრობის ადმინისტრაციაში განუცხადეს, არსებული შეზღუდვების მაქსიმალურ ვადად 15 ივლისი განისაზღვრა, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ამ დროისთვის მოქმედი ყველა შეზღუდვა ზუსტად 15 ივლისამდე დარჩება და შეზღუდვები ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე, ნებისმიერ დროს შეიძლება მოიხსნას. მთავრობის ადმინისტრაციის განმარტებით, უშუალოდ საზოგადოებრივ ტრანსპორტთან დაკავშირებითაც ეპიდემიოლოგების რეკომენდაციას ელოდებიან და ვითარების ანალიზის საფუძველზე მიიღებენ ტრანსპორტის მოძრაობის აღდგენის გადაწყვეტილებას, რის შესაბამისადაც დადგენილებაში ცვლილებები განხორციელდება.
„საკოორდინაციო საბჭო მუდმივ რეჟიმში მსჯელობს ცალკეული შეზღუდვების შემსუბუქებაზე. ეპიდემიოლოგიური ვითარების შესაბამისად, როგორც კი გადაწყდება საზოგადოებრივი ტრანსპორტის აღდგენა, ცვლილება განხორციელდება დადგენილებაში. ეს შეიძლება მოხდეს ნებისმიერ დროს,“ - აცხადებენ მთავრობის ადმინისტრაციაში.
ცნობისთვის, საქართველოს მთავრობამ ქვეყანაში გარკვეული შეზღუდვების ძალაში დატოვების შესახებ დადგენილება გამოსცა, რომელიც ძალაშია 2020 წლის 15 ივლისამდე. აღნიშნული დადგენილების თანახმად, იქამდე, ვიდრე ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა არ გაუმჯობესდება, ძალაში რჩება შემდეგი შეზღუდვები: შეზღუდული რჩება საერთაშორისო სამგზავრო საჰაერო, სახმელეთო და საზღვაო მიმოსვლა (ჩარტერული რეისები ინიშნება მხოლოდ საქართველოს მოქალაქეთა დაბრუნების მიზნით). შეზღუდული რჩება საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მათ შორის, მეტროპოლიტენითა და საბაგიროთი გადაადგილება და სარკინიგზო ტრანსპორტით მგზავრთა გადაყვანა. შეზღუდული რჩება საქალაქთაშორისო და მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მგზავრთა გადაყვანა სამარშრუტო ტაქსებითა და ავტობუსებით. ტაქსით გადაადგილებისას მძღოლი აღჭურვილი უნდა იყოს პირბადით და დასაშვებია მხოლოდ 2 მგზავრის გადაყვანა, რომლებიც უნდა ისხდნენ მძღოლის უკან. ძალაში რჩება სახმელეთო გზით საერთაშორისო სატვირთო გადაზიდვების განმახორციელებელი, საქართველოს მოქალაქეობის მქონე მძღოლების თვითიზოლაციაში, თვითიზოლაციის მიზნით მოწყობილ სივრცესა (ტირპარკსა) და საკარანტინე სივრცეში მოთავსების ვალდებულება. სკოლებმა და უნივერსიტეტებმა სასწავლო პროცესი უნდა განაგრძონ დისტანციური სწავლების/კომუნიკაციის სხვადასხვა ფორმის გამოყენებით. ყველა სახის ტრენინგი, კონფერენცია და სემინარი უნდა ჩატარდეს დისტანციური ფორმით. კულტურული ღონისძიების ჩატარება დაშვებულია მხოლოდ დისტანციური ფორმით.
შეზღუდული რჩება ყველა ტიპის მასობრივი სპორტული ღონისძიება, მათ შორის, შეჯიბრი, სასწავლო-საწვრთნელი პროცესი/შეკრება როგორც დახურულ, ასევე ღია სივრცეში, სპორტის თემასთან დაკავშირებული ყველა ტიპის ტრენინგი, სემინარი ან/და კონფერენცია, გარდა დისტანციური ფორმისა. იზღუდება 10-ზე მეტი ადამიანის თავშეყრა, რომელიც დაკავშირებულია სოციალურ ღონისძიებებთან (მაგ.: ქორწილი, ნებისმიერი იუბილე, ქელეხი და ა.შ.). დახურულ საჯარო სივრცეში ყველა პირი ვალდებულია, ატაროს პირბადე. შეზღუდული დარჩა შემდეგი ეკონომიკური საქმიანობები: რესტორანში, ბარში, კაფესა და ნებისმიერი სახის სასადილოში მომხმარებლის ადგილზე კვების მომსახურება; ტანსაცმლითა და ფეხსაცმლით ვაჭრობა (დასაშვებია „ონლაინ“); სავაჭრო ცენტრები (ე. წ. მოლები) და ბაზრობები (გარდა ღია აგრარული ბაზრობებისა); სპორტული, კულტურული და გასართობი ღონისძიებების ორგანიზება/ჩატარება; სპორტულ-გამაჯანსაღებელი პროცედურა/აქტივობები; ვალუტის გადამცვლელი პუნქტების საქმიანობა.