დარგის სწორი და ეფექტიანი განვითარებისთვის, მნიშვნელოვანია ექსპერტული ცოდნის და გამოცდილების გაზიარება, - ამის შესახებ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიისა და სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის წარმომადგენლებთან შეხვედრისას განაცხადა.
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცნობით, მინისტრმა შეხვედრაზე ახალი კორონავირუსის პანდემიით შექმნილ ვითარებაში სოფლის მეურნეობის დარგის ეფექტიანი განვითარების გზებზე ისაუბრა.
„დარგში არსებული გამოწვევების დასაძლევად, განსაკუთრებით კრიზისულ პერიოდებში, სწორი და ეფექტიანი განვითარებისთვის, მნიშვნელოვანია სამინისტროსა და მეცნიერებს შორის აქტიური თანამშრომლობა, ექსპერტული ცოდნის და გამოცდილების გაზიარება. სამინისტრო მჭიდროდ თანამშრომლობს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიასთან; ძალიან მნიშვნელოვანია მათი ჩართულობა დარგობრივი პროგრამების შემუშავების პროცესში“, - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.
სამინისტროს ინფორმაციით, ლევან დავითაშვილთან გამართულ შეხვედრაზე, მეცნიერებმა დღეისათვის დარგში არსებულ გამოწვევებზე და პრიორიტეტულ მიმართულებებზე იმსჯელეს. საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის წევრებმა მინისტრს დარგის განვითარების საკუთარი ხედვა გააცნეს. მათივე ცნობით, საუბარი შეეხო ქვეყნის სურსათით უზრუნველყოფის, დარგობრივი პროგრამების და აგროსასურსათო სექტორის ყველა რგოლის განვითარების მნიშვნელობის საკითხებს.