საქართველოში სესხებზე საპროცენტო განაკვეთი გაიზარდა.
ეროვნული ბანკის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული სტატისტიკის მიხედვით, 2020 წლის აპრილში, წლიური საბაზრო საპროცენტო განაკვეთი მთლიან სესხებზე შეადგენდა 12,4%-ს, რაც 0,3%-ით მეტია მარტის მაჩვენებელთან შედარებით.
ამავე მაჩვენებლების მიხედვით, სესხებზე საპროცენტო განაკვეთი ყველაზე მეტად ფიზიკური პირებისთვის ეროვნულ ვალუტაში გაცემულ სესხებს შეეხო. კერძოდ, აპრილის მონაცემებით, ფიზიკური პირების სესხების საბაზრო საპროცენტო განაკვეთი შეადგენდა 21,9%-ს, ეს კი მარტის მაჩვენებელთან შედარებით 1,8%-ით მეტია, 2019 წლის აპრილთან შედარებით კი 4,5%-ით მეტია.
ფიზიკური პირებისთვის გაძვირდა უცხოურ ვალუტაში გაცემული სესხებიც, კერძოდ, 2020 წლის მარტში საპროცენტო განაკვეთი შეადგენდა 4,8%-ს, აპრილში კი ის 6,1%-მდე გაიზარდა.
რაც შეეხება იურიდიული პირებისთვის გაცემულ სესხებს, ზრდა აქაც დაფიქსირდა, თუმცა ტრადიციულად, მინიმალური მოცულობის. კერძოდ, ლარში გაცემული სესხები 11,8%-დან 12,1%-მდე გაიზარდა, უცხოურ ვალუტაში გაცემულ სესხებზე კი საპროცენტო კანაკვეთი უცვლელი დარჩა - 6,9%.