2019 წელს საქართველოს მოსახლეობის საშუალო თვიური ხარჯები 1.220 მლრდ ლარი იყო

2019 წელს საქართველოს მოსახლეობის საშუალო თვიურმა ხარჯებმა 1 220.1 მილიონი ლარი შეადგინა, რაც 4.8 პროცენტით აღემატება წინა წლის შესაბამის მაჩვენებელს. ამის შესახებ ინფრომაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს.

2019 წელს, წინა წელთან შედარებით შინამეურნეობის სამომხმარებლო ფულადი ხარჯების წილი მთლიან ხარჯებში 1.3 პროცენტული პუნქტით გაიზარდა და 68.2 პროცენტი შეადგინა.

„ხარჯების მოცულობა გაცილებით მაღალი იყო ქალაქის ტიპის დასახლებებში და 764.4 მილიონ ლარს შეადგენდა, ხოლო აღნიშნული მაჩვენებელი სოფლის ტიპის დასახლებებში 455.7 მილიონი ლარი იყო. 2019 წლის მონაცემებით, სამომხმარებლო ფულადი ხარჯების სტრუქტურაში მნიშვნელოვანი წილი (37.8 პროცენტი) უჭირავს სურსათზე, სასმელზე და თამბაქოზე გაწეულ ხარჯებს,“-აღნიშნულია „საქსტატის“ ინფორმაციაში.

ამასთან, „საქსტატის“ ცნობით, 2019 წელს საქართველოს მოსახლეობის საშუალო თვიური შემოსავლების (ფულადი და არაფულადი სახსრების) მოცულობამ 1 251.3 მილიონი ლარი შეადგინა, რაც 2018 წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 5.4 პროცენტით აღემატება. მათივე ცნობით, 2019 წლის მონაცემებით, საშუალო თვიური შემოსავლების მოცულობა ერთ შინამეურნეობაზე 1 175.3 ლარს, ხოლო ერთ სულზე 336.1 ლარს შეადგენდა.

გამოკვლევის შედეგების მიხედვით, შინამეურნეობების შემოსავლების ძირითად წყაროს წარმოადგენს ფულადი შემოსავლები და ტრანსფერტები, რომლის წილიც 2019 წელს, გასულ წელთან შედარებით, 1.5 პროცენტული პუნქტით გაიზარდა და 84.5 პროცენტი შეადგინა.

თაია არდოტელი