კომპანიების 27%-ს ყველა თანამშრომლის გაშვება მოუწია - PwC

გამოკითხული კომპანიების 27%-ს სრულად (100%) მოუწია თანამშრომლების გათავისუფლება. ამის შესახებ PwC-ის კვლევაშია აღნიშნული, სადაც გაანალიზებულია Covid19-ის გავლენა ბიზნესზე. გამოკითხვაში სულ 1 938-მა კომპანიამ მიიღო მონაწილეობა.

კვლევის შედეგების ანალიზიდან იკვეთება, რომ თანამშრომლების შემცირების ყველაზე დაბალი მაჩვენებელი შეინიშნება სოფლის მეურნეობის, ICT და წარმოების სექტორებში, ხოლო ყველაზე მაღალი სასტუმროებსა და რესტორნებში, სხვა სახის მომსახურების, ასევე, ტრანსპორტირების და დასაწყობების სექტორებში.

რაც შეეხება გათავისუფლებული თანამშრომლების პროფესიებს, ყველაზე მეტი თანამშრომელი გათავისუფლდა გაყიდვების და მომსახურების პოზიციიდან (38.7%), მას მოსდევს ბიზნესი და ადმინისტრირება (10.5%), მშენებლობა (10%), წარმოება და გადამუშავება (8.3%), ასევე, ტრანსპორტირება (8.1%).

კვლევის მიხედვით, გამოკითხული სასტუმროების და რესტორნების 46% ამბობს, რომ თანამშრომლების 100%-ის დათხოვა მოუწია, ხოლო 20%-ს არცერთი მათგანი არ გაუშვია.

სხვა სახის მომსახურება - თანამშრომლების 100% გაუშვა გამოკითხული კომპანიების 40%-მა, ხოლო 38%-მა ყველა დასაქმებული შეინარჩუნა.

სოფლის სატყეო და თევზის მეურნეობა - 7% აცხადებს, რომ თანამშრომლების 100% გაუშვა, ხოლო 70 %-მა ყველა მათგანი შეინარჩუნა.

საინფორმაციო ტექნოლოგიები და კომუნიკაცია - კომპანიების 15%-მა თანამშრომლების 100% დაითხოვა, 57%-ს კი არცერთი მათგანი არ გაუშვია.

მრეწველობა - დასაქმებულების 100% დაითხოვა კომპანიების 14%-მა, ხოლო 55%-მა თანამშრომლები სრულად შეინარჩუნა.

ტრანსპორტი და დასაწყობება - 25%-მა კომპანიამ თანამშრომლების 100% გაუშვა, ხოლო 54%-ს არცერთი მათგანი არ დაუთხოვია.

მშენებლობა - კომპანიების 17%-მა დასაქმებულები სრულად დაითხოვა, ხოლო 44%-ს არცერთი თანამშრომელი არ გაუშვია.

ცნობისთვის, აღნიშნული კვლევა ინვესტორთა საბჭოს დაკვეთით ჩატარდა.

ნინი ქეთელაური
კომპანიების 28%-ს ვალდებულებების გასტუმრება უჭირს - PwC
Covid19-ის რეგულაციებთან დაკავშირებით კომპანიების შემოწმება ამ კვირიდან დაიწყება
„საკმაოდ პესიმისტური პროგნოზი გვაქვს, ალბათ, რესტორნების დიდი ნაწილი ასეთ რეგულაციებს ვერ გაუძლებს“