ჯანდაცვის სამინისტროში უარყოფენ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას თითქოს, საკარანტინო სივრცეში მოთავსებული მედიკოსები, რომელთაც 2-კვირიანი საკარანტინო პერიოდი 3 კვირამდე გაუგრძელდათ, ანაზღაურებას ვერ იღებდნენ. როგორც საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის სამედიცინო უზრუნველყოფისა და გამოძახებათა მართვის დეპარტამენტის უფროსმა, ამირან გოგიტიძემ, დღეს, ჯანდაცვის სამინისტროში განმარტა, ყველა მედიკოსის ანაზღაურების გაცემა შეფერხების გარეშე მიმდინარეობს.
„როგორც იცით, მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ საკარანტინო სივრცეში მოთავსებული მედიკოსები, რომელთაც 2- კვირიანი საკარანტინო პერიოდი 3 კვირამდე გაუგრძელდათ, ანაზღაურებას ვერ იღებდნენ. ცალსახად ვაცხადებ, რომ ყველა მედიკოსის ანაზღაურების გაცემა შეფერხების გარეშე მიმდინარეობს.
როგორც იცით, საუბარია იმ სამედიცინო პირებზე, რომლებსაც ეპიდემიოლოგების დამატებით საკარანტინო პერიოდი განესაზღვრათ. შესაბამისად, დამატებითი პერიოდის გამო, მათი თანხების ანაზღაურება მიმდინარეობს ეტაპობრივად, განსაზღვრული ვადის ფარგლებში. ინფორმაცია, რომ ჯანდაცვის სამინისტროს საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრი არ ანაზღაურებს რომელიმე მედიკოსის საკარანტინო პერიოდის თანხას, არ შეესაბამება სიმართლეს",-განაცხადა ამირან გოგიტიძემ.
როგორც უწყებაში განმარტავენ, პროცედურულად, აღნიშნული ცნობები გაიცემა ჯანდაცვის სამინისტროში განცხადების წარდგენის საფუძველზე.
„მედპერსონალი ინფორმირებულია ამის შესახებ. მათგან, ამ დროისთვის, 9 მედიკოსს აქვს განცხადება შემოტანილი და თითოეული მათგანის ანაზღაურება განსაზღვრულ ვადებში ხდება“,-აცხადებენ ჯანდაცვის სამინისტროში.
ინფორმაციას საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ავრცელებს.