აპრილში ქართული ბანკების დეპოზიტები და სესხები შემცირდა

საქართველოს ეროვნული ბანკი 2020 წლის აპრილის მდგომარეობით ქვეყანაში კომერციული ბანკების მიერ გაცემული სესხების და დეპოზიტების შესახებ სტატისტიკურ ინფორმაციას აქვეყნებს.

სებ-ის მონაცემებით, კომერციული ბანკების მიერ გაცემული სესხების მოცულობა (ბანკთაშორისი სესხების გარდა), 2020 წლის აპრილში, წინა თვესთან შედარებით 787.06 მლნ ლარით (2.25%-ით) შემცირდა (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე, 0.32%-ით შემცირდა და მიმდინარე წლის პირველი მაისისათვის 34.21 მლრდ ლარი შეადგინა. ამავე პერიოდში ეროვნული ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 87.35 მლნ ლარით (0.61%-ით), ხოლო უცხოური ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 699.71 მლნ ლარით (3.40%-ით) შემცირდა (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე, შემცირდა 0.13%-ით).

როგორც ეროვნული ბანკის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშული, რეზიდენტი იურიდიული პირებისთვის 2020 წლის აპრილის ბოლოს კომერციულ ბანკებს ეროვნული ვალუტით გაცემული ჰქონდათ 4.50 მლრდ ლარის (წინა თვესთან შედარებით 0.78%-ით ნაკლები), ხოლო უცხოური ვალუტით 12.12 მლრდ ლარის (წინა თვესთან შედარებით 3.12%-ით ნაკლები) მოცულობის სესხი (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე, 0.17%-ით მეტი).

"2020 წლის აპრილის განმავლობაში 1.84%-ით, ანუ 312.02 მლნ ლარით შემცირდა რეზიდენტი შინამეურნეობების სექტორის დაკრედიტების მოცულობა და მიმდინარე წლის პირველი მაისისათვის 16.67 მლრდ ლარი შეადგინა.

მიმდინარე წლის პირველი მაისისთვის მთლიანი სესხების ლარიზაციის კოეფიციენტმა 41.91 პროცენტი შეადგინა. 2020 წლის პირველი აპრილის მდგომარეობასთან შედარებით, მთლიანი სესხების ლარიზაცია გაიზარდა 0.69%-ით (გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით, შემცირდა 0.12%-ით)",-აღნიშნულია ინფორმაციაში.

რაც შეეხება დეპოზიტების მიმდინარე ტენდენციებს, ეროვნული ბანკის ინფორმაციით, საბანკო სექტორში განთავსებული არასაბანკო დეპოზიტების მოცულობამ 2020 წლის პირველი მაისისათვის 27.58 მლრდ ლარი შეადგინა, რაც 1.30 მლრდ ლარით, ანუ 4.49%-ით ნაკლებია პირველი აპრილისათვის არსებულ მაჩვენებელზე (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე 2.72%-ით ნაკლები). ამასთან, აპრილში, წინა თვესთან შედარებით, ადგილი ჰქონდა ვადიანი დეპოზიტების შემცირებას 523.02 მლნ ლარით, ანუ 4.02%-ით (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე 2.26%-ით შემცირდა), ხოლო მოთხოვნამდე დეპოზიტები 774.69 მლნ ლარით, ანუ 4.89%-ით შემცირდა (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე შემცირდა 3.10%-ით).

როგორც სებ-ის განცხადებაშია აღნიშნული, დეპოზიტების ლარიზაციის კოეფიციენტმა მიმდინარე წლის პირველი მაისისათვის 34.35% შეადგინა. პირველი აპრილის მდგომარეობასთან შედარებით, დეპოზიტების ლარიზაცია გაიზარდა 0.63%-ით (გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით გაიზარდა 0.01%-ით).

"აპრილში ვადიან დეპოზიტებზე საშუალო წლიურმა შეწონილმა საბაზრო საპროცენტო განაკვეთმა 6.82% შეადგინა, მათ შორის ეროვნული ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე 10.05%, ხოლო უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე 2.63%.

უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებში აშშ დოლარის წილმა 84.55%, ხოლო ევროს წილმა 13.99% შეადგინა",-ნათვქამია სებ-ის მიერ გავრცელებულ განცხადებაში..