23-წლიანი პაუზის შემდეგ გერმანიის ხელისუფლება Lufthansa-ში ბრუნდება და ავიაკონცერნის მეწილე ხდება. ამის შესახებ DW ფედერალური ხელისუფლებისა და ავიაკომპანიის წარმომადგენლების განცხადებებზე დაყდნობით წერს.
ცნობისათვის, გერმანიის მთავრობა კომპანიის კაპიტალიდან საბოლოოდ 1997 წელს გავიდა. დღეს კი ბიზნესში დაბრუნების გადაწყვეტილება ფედერალურმა ხელისუფლებამ კორონავირუსის პანდემიის შედეგად ავიაკომპანიისთვის მიყენებული ფინანსური ზარალის შესამსუბუქებლად მიიღო. დახმარების პაკეტი ჯამში 9 მლრდ ევროს შეადგენს და ხელისუფლება, ეკონომიკური სტაბილიზაციის ფონდის სახით Lufthansa-ში 20%-იან წილს მიიღებს. სახლმწიფო თითო აქციაში 2,56 ევროს გადაიხდის, ჯამში 300 მლნ ევროს. ცნობისათვის, Lufthansa-ს კაპიტალიზაცია 4, 078 მლრდ ევროს შეადგენს.
ამასთან, DW-ს ინფორმაციით, Lufthansa 3 წლის ვადით 3 მლრდ ევროს მოცულობის სესხს მიიღებს სახელმწიფო საკუთრებაში არსებული KfW ბანკისა და რამდენიმე კომერციული ბანკისგან. ამასთან,
ეკონომიკური სტაბილიზაციის ფონდი (WSF) კონცერნს გამოუყოფს 5,7 მილიარდ ევროს. როგორც ცნობილია, აღნიშნული ფონდი გერმანიის მთავრობამ შექმნა COVID-19 პანდემიის დროს, რათა საჭიროების შემთხვევაში, სახელმწიფოს შეეძლო წილის შეძენა დიდ კომპანიებში, რომლებიც კრიზისის გამო გაკოტრების პირას მივიდნენ.
თუმცა საბოლოო შეთანხმებამდე, ეს ნაბიჯი უნდა მოიწონოს როგორც ევროკომისიამ, ასევე Lufthansa-ს სამეთვალყურეო საბჭომ და აქციონერთა კრებამ - წერს DW.
გერმანიის მთავრობამ დაადასტურა, რომ ფინანსური დახმარების პაკეტის მიღების შემდეგ, სახელმწიფო მიიღებს ორ ადგილს Lufthansa– ს სამეთვალყურეო საბჭოში. „მათ დამოუკიდებელი ექსპერტები დაიკავებენ“, - ნათქვამია გერმანიის ფინანსთა სამინისტროს განცხადებაში.
როგორც DW წერს, გერმანიის ხელისუფლების მიერ ავიაკომპანიის დასახმარებლად ამ მოცულობის თანხის გამოყოფამ შესაძლოა, ევროკომისიასთან პრობლემები შექმნას. ბრიუსელი შიშობს, რომ ავიაკომპანია ევროპულ ბაზარზე სამართლიანი კონკურენციის კრიტერიუმებს არ შეასრულებს და მკაცრ პირობებს წამოაყენებს. გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა კი უკვე გამოაცხადა მზადყოფნა "რთული ბრძოლისთვის".
აღსანიშნავია, რომ დახმარების მიღების ერთ-ერთ პირობად გერმანიის ფინანსთა სამინისტრომ ავიაკომპანია ატმოსფეროში ემისიების შემცირების მიზნით ფლოტის განახლებას წაუყენა.
გერმანიის ხელისუფლების მიერ Lufthansa-სთვის თანხის გამოყოფის შესახებ ინფორმაციის გავრცელების შემდეგ ავიაკომპანიის აქციების ფასი 7,5%-ით გაიზარდა და ერთ ერთეულზე 8,64 ევრო შეადგინა.
ცნობისათვის, Lufthansa ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი, გერმანული ავიაკომპანიაა, რომელიც 1953 წელს დაარსდა. კომპანიას ავიაკონცერნი Lufthansa Group-ი ფლობს. ამ უკანასკნელის საკუთრებაშია ავიაკომპანიები Austrian Airlines, SWISS და Brussels Airlines. Lufthansa Group-ის მთელი ავიაპარკი 770 თვითმფრინავისგან შედგება. კომპანიაში 138 300 ადამიანია დასაქმებული. COVID-19-ის პანდემიის გამო, ავიაკონცერნმა ფრენების 95% შეაჩერა.