ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ „სოლიდარობის კვლევიდან“ მედიკამენტი „ჰიდროქსიქლოროქინი“ („პლაქვენილი“) დროებით ამოიღო.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დირექტორის, ტედროს ადჰანომ გაბრეიესუსის ინფორმაციით, სამედიცინო გაზეთ „ლანცეტში“ გამოქვეყნდა ინფორმაცია, რომ იმ ადამიანებს, ვინც „პლაქვენილს“ იღებდა, გულის პრობლემებით გარდაცვალების რისკი ეზრდებოდათ. უწყების ხელმძღვანელის თქმით, სწორად ამ ინფორმაციის გამო პრეპარატის კვლევებში ჩართვა დროებით შეჩერდა.
ცნობისთვის, „პლაქვენილი“ კორონავირუსის სამკურნალო პრეპარატად არაერთ ქვეყანაში გამოიყენება. მისი აქტიური მხარდამჭერია აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი. რამდენიმე დღის წინ ამერიკის ლიდერმა განაცხადა, რომ „პლაქვენილს“ პროფილაქტიკის მიზნით სვამდა.
შეგახსენებთ, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის კვლევაში საქართველოც ერთვება. თავდაპირველად 4 მედიკამენტი იყო შერჩეული, ესენია: „რემდესივირი“, „პლაქვენილი“, „ლოპინავირ/რიტონავირის“ კომბინაცია და „ლოპინავირ/რიტონავირის“ კომბინაცია „ბეტა ინტერფერონთან“.