მთავრობის სარეზერვო ფონდის დანახარჯმა კანონით განსაზღვრულ გეგმას 9,2%-ით გადააჭარბა - აუდიტის სამსახური

მთავრობის სარეზერვო ფონდის მოცულობა ბიუჯეტის თავდაპირველი კანონით 50 მლნ ლარით განისაზღვრა და კანონის ცვლილებით არ დაკორექტირებულა - ამის შესახებ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მოხსენებაშია აღნიშნული, რომელიც საქართველოს 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიშის შესახებ მომზადდა. ანგარიშის მიხედვით, წლის განმავლობაში ფონდიდან გამოყოფილმა თანხამ 55.6 მლნ ლარი, ხოლო გადარიცხულმა (საკასო) თანხამ 54.6 მლნ ლარი შეადგინა და 9.2%-ით გადააჭარბა კანონით განსაზღვრულ გეგმას.

„მთავრობის სარეზერვო ფონდიდან გამოყოფილი თანხების მიზნობრიობის ანალიზის შედეგების მიხედვით, 2019 წელს, წინა წლის მსგავსად, ზრდის ტენდენციით ხასიათდება იურიდიული, ფინანსური და სხვა მომსახურების დასაფინანსებლად ფონდიდან მიმართული რესურსის მოცულობა (2019 წელი - 27.3 მლნ ლარი, 2018 წელი - 22.1 მლნ ლარი). ამასთან, შემცირებულია ინფრასტრუქტურული და სოციალური ტიპის დანახარჯების წილი (2019 წელი - 994 ათასი ლარი; 2018 - 8.9 მლნ ლარი).

2019 წელს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან გამოყოფილი თანხების განაწილება მიზნობრიობის მიხედვით (ათასი ლარი):

ზოგადი ხასიათიდან გამომდინარე, გასული წლების მსგავსად, 2019 წლის განმავლობაშიც ადგილი ჰქონდა ისეთი გადასახდელების დაფინანსებას, რომლებიც სისტემატურ ხასიათს ატარებენ და სათანადო დაგეგმვის შემთხვევაში, შესაძლებელი იქნებოდა მათი გათვალისწინება ბიუჯეტის დაგეგმვის ეტაპზე, შესაბამისი მხარჯავი დაწესებულებების ასიგნებებში. ამ მიმართულებით მნიშვნელოვანია სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ წინა მოხსენებებში გაცემული რეკომენდაციის შესრულება და საკანონმდებლო დონეზე კონკრეტული კრიტერიუმების გაწერა, რომელთა საფუძველზეც მოხდება მთავრობის სარეზერვო ფონდიდან ღონისძიებების დაფინანსება“, - წერია ანგარიშში.