როდესაც 4,6 მილიონი ლარით დაგვაჯარიმეს ჩვენმა საერთაშორისო საფინანსო კომპანიებმა, იმის გამო, რომ სესხი არ ავითვისეთ, ეს ნიშნავს იმას, რომ მთელი ეს სქემა კორუფციაზეა აწყობილი. საკითხი შესასწავლად უნდა გადაეცეს პროკურატურას, რატომ დაიკარგა ბიუჯეტიდან თითქმის 5 მილიონი ლარი იმის გამო, რომ გაფორმებული კონტრაქტი არ იქნა გამოყენებული და არ განხორციელდა შესაბამისი სამუშაოები, - ამის შესახებ ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, რომან გოცირიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, როდესაც უპასუხა კითხვას, აუდიტის დასკვნის მიხედვით, აღებულია საგარეო ვალი და ამ დროს არ შესრულდა რამდენიმე საინვესტიციო პროექტი, რაზე მიუთითებს ეს ფაქტორი.
რომან გოცირიძის განცხადებით, სერიოზული კორუფცია იკვეთება ინფრასტრუქტურულ პროექტებში, ათეულობით მილიონი ლარი დაიკარგა, რაზეც არავინ დასჯილა.
„როდესაც ქვეყანამ 200 მილიონზე მეტი საგარეო ვალი აიღო ამ პროექტებისთვის და არ შესრულდა, ანუ შესრულების გრაფაში წერია 0, როდესაც ყველა დიდ პროექტს საქართველოს ხელისუფლებასთან დაახლოებული კომპანიები ასრულებენ, დიდძალ ფულს იღებენ პირადი ჯიბისთვის და პარტიული ყულაბისთვის, როდესაც ეს ფული გამოიყენება შეღავათიანი ტენდერების გამო საარჩევნო კამპანიაში, უფრო მეტიც, როდესაც 4,6 მილიონი ლარით დაგვაჯარიმეს ჩვენმა საერთაშორისო საფინანსო კომპანიებმა, პარტნიორებმა იმის გამო, რომ ეს სესხი არ ავითვისეთ, ეს ნიშნავს იმას, რომ მთელი ეს სქემა კორუფციაზე და პირად ინტერესებზეა აწყობილი. საკითხი შესასწავლად უნდა გადაეცეს პროკურატურას, რატომ დაიკარგა ბიუჯეტიდან თითქმის 5 მილიონი ლარი იმის გამო, რომ გაფორმებული კონტრაქტი არ იქნა გამოყენებული და არ განხორციელდა შესაბამისი სამუშაოები.
ეს ძირითადად, გზას ეხება. გზების მშენებლობაზე საქართველომ ამ ბოლო პერიოდში, მხოლოდ გრიგოლეთი-სამტრედიის მონაკვეთზე დაკარგა დაახლოებით, 80 მილიონი ლარი. ამის გამო არავინ დასჯილა ქვეყანაში. ინფრასტრუქტურულ პროექტებში სერიოზული კორუფციაა და ეს არის გამოძიების საგანი. ხელისუფლების შეცვლის შემდეგ ჩვენ, ყველა მსგავს შემთხვევას დაწვრილებით გამოვიძიებთ და საზოგადოებას ვაჩვენებთ, თუ რა დიდი რაოდენობის ფული იფლანგებოდა ხელისუფლებასთან დაახლოებული კომპანიების და ჩინოვნიკების მიერ“, - განაცხადა გოცირიძემ.
„2019 წელს 243 მლნ ლარის ოდენობის საგარეო ვალით დაფინანსებული 11 საინვესტიციო პროექტი 0%-ით შესრულდა“, - ამის შესახებ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მოხსენებაშია აღნიშნული, რომელიც საქართველოს 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიშის შესახებ მომზადდა.
აუდიტის მოხსენების თანახმად, საყურადღებოა, რომ უცხოეთიდან მოზიდული სესხებით დაფინანსებული საინვესტიციო პროექტების ნაწილი, გასული წლების მსგავსად, ხასიათდება დაბალი ათვისებით, რაც საინვესტიციო პროექტების შეფერხებებით განხორციელებაზე მიუთითებს.