„ნენსკრას“ ჰიდროელექტროსადგურის პროექტის განმახორციელებელმა კომპანიამ - სს „ნენსკრა ჰიდრომ“ ეკონომიკის სამინისტროს კორონავირუსის პანდემიასთან საბრძოლველად სამედიცინო აღჭურვილობა გადასცა.
„ნენსკრა ჰიდროს” ინფორმაციით, აღნიშნული დახმარება საქართველოს პროექტის ინვესტორმა - კორეის წყლის რესურსების კორპორაცია K-water-მა გამოუგზავნა. კომპანიამ კორეიდან 100 უკონტაქტო თერმომეტრისა და 200 ერთეული სამედიცინო სპეცტანსაცმლის ჩამოტანა უზრუნველყო. აღნიშნულ დახმარებაში K-water-ის თანამშრომლებმა ინდივიდუალურად შეიტანეს წვლილი.
„ამ საქველმოქმედო აქტით გვსურს, ჩვენი მცირედი წვლილი შევიტანოთ კორონავირუსის პანდემიასთან ბრძოლაში. მსურს მადლობა გადავუხადო საქართველოს საელჩოს კორეაში და კორეის წარმომადგენლობას საქართველოში მათი მხარდაჭერისთვის. დღეს, როგორც არასდროს, მნიშვნელოვანია, გამოვიჩინოთ სოციალური პასუხისმგებლობა და სოლიდარობა, რაც ყველას ერთად მოგვცემს შესაძლებლობას, დავამარცხოთ პანდემია. ჩვენი კომპანია სამშენებლო სამუშაოების პარალელურად, სოციალური პასუხისმებლობის ფარგლებში მესტიის მუნიციპალიტეტის ჭუბერისა და ნაკრას ადმინისტრაციულ ერთეულებში არაერთ პროექტს ახორციელებს. გასულ წელს „ნენსკრა ჰიდროსა“ და კორეული K-water-ის დაფინანსებით ჭუბერის ამბულატორიას სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა. გარდა მცირე ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციისა, ხეობებში ვახორციელებთ პროფესიული განათლების, ასევე მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობის პროექტებს, რომლებიც რეგიონის მდგრად განვითარებას ისახავს მიზნად. 2017 წლიდან დღემდე კომპანიამ სოციალურ პროექტებზე 2 მილიონ ლარზე მეტი დახარჯა,“ - განაცხადა სს „ნენსკრა ჰიდროს“ აღმასრულებელმა დირექტორმა სუნიანგ კიმმა.