რეგლამენტში დაგეგმილი ცვლილებების განხორციელების შემთხვევაში, პარლამენტის აპარატის დაფინანსებისთვის საჭირო თანხები შესაძლოა, თვეში საშუალოდ 74 375 ლარით შემცირდეს.
როგორც კანონპროექტის განმარტებით ბარათშია მითითებული, გაუქმებული და შემცირებული საპარლამენტო თანამდებობებიდან გამომდინარე, უქმდება შემდეგი აპარატები: უმრავლესობის აპარატი (თვეში განკუთვნილი დაფინანსების ოდენობა - 10 975 ლარი), უმცირესობის აპარატი (თვეში 7 000 ლარი, თუმცა ამჟამად საქართველოს პარლამენტში არ არის შექმნილი უმცირესობა და შესაბამისად ამ მიმართულებით ახლა არ ხდება ხარჯების გაწევა), დროებითი კომისიის აპარატი (ამჟამად პარლამენტში შექმნილია ერთი დროებითი კომისია და მისი აპარატის ყოველთვიური ხარჯი შეადგენს 7 800 ლარს). პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილეთა რაოდენობის შემცირების შესაბამისად, ასევე მცირდება პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის სამდივნოები (თითოეულისთვის თვეში განკუთვნილი დაფინანსების ოდენობა - 8 100 ლარი). ყოველთვიურად აღნიშნული თანხების ჯამური ოდენობით, შემცირდება პარლამენტის აპარატის დაფინანსებისათვის საჭირო თანხები, რაც თვეში საშუალოდ შეადგენს 74 375 ლარს ყველა აღნიშნულ შემთხვევაში.
გარდა ამისა, მცირდება პარლამენტის წევრთა ანაზღაურებისთვის გაწეული ყოველთვიური ხარჯი. კერძოდ, პროექტის მიხედვით, უქმდება ზოგიერთი საპარლამენტო თანამდებობა და შესაბამისად უქმდება მათი ანაზღაურება. უქმდება უმრავლესობის და უმცირესობის ლიდერის და მათი მოადგილეების გასამრჯელო, რომელიც ყოველთვიურად შესაბამისად შეადგენს 5540 და 4800 ლარს. აგრეთვე, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილეთა რაოდენობა შესაძლებელი 9-დან მცირდება მაქსიმუმ 3-მდე, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის ყოველთვიური ანაზღაურება შეადგენს 6340 ლარს. ასევე უქმდება დროებითი საგამოძიებო ან სხვა დროებითი კომისიის თავმჯდომარის საპარლამენტო თანამდებობები და შესაბამისად მათი ანაზღაურება, რომელიც შეადგენს თვეში 4940 ლარს. გარდა საპარლამენტო თანამდებობებისა, რეგლამენტის პროექტის თანახმად, ნაცვლად 15 საპარლამენტო კომიტეტისა საქართველოს პარლამენტში იქნება 13 კომიტეტი. შესაბამისად, ნაცვლად 15 კომიტეტის თავმჯდომარისა, ცვლილებების ამოქმედების შემდეგ პარლამენტში კომიტეტის თავმჯდომარის პოზიციას დაიკავებს პარლამენტის 13 წევრი, ასევე კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის პოზიციას დაიკავებს 6-ით ნაკლები პარლამენტის წევრი. შესაბამისად, ამ საპარლამენტო თანამდებობების გაუქმებისა და შემცირების შედეგად დაზოგილი თანხის ოდენობა იქნება პარლამენტის წევრისა და შესაბამისი საპარლამენტო თანამდებობის პირის ხელფასებს შორის სხვაობა, რაც თვეში საშუალოდ შეადგენს დაახლოებით 15 450 ლარს ყველა ზემოთ აღნიშნული თანამდებობის პირის მიმართ.
საპარლამენტო თანამდებობების გაუქმებასა და შემცირებასთან დაკავშირებით, ასევე შემცირდება ამ თანამდებობებთან დაკავშირებული, შესაბამისი ბიუჯეტით გათვალისწინებული ადმინისტრაციული ხარჯები, რომელიც მთლიანობაში თვეში საშუალოდ შეადგენს 33 000 ლარს, რაც გულისხმობს სატრანსპორტო, კავშირგაბმულობის და სხვა ხარჯებს.
საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტის ინიციატორები არიან საპარლამენტო უმრავლესობის წევრები: ირაკლი კობახიძე, გიორგი კახიანი და გურამ მაჭარაშვილი.
ცვლილებების პროექტის ინიცირება 27 მაისის ბიუროს სხდომაზე უნდა მომხდარიყო, თუმცა ავტორებმა კანონპროექტი უკან გაიწვიეს და განაცხადეს, რომ საკანონმდებლო ორგანოში ცვლილებათა პაკეტის ახალი ვერსიის ინიცირებას მოახდენენ. პარლამენტში ამბობენ, რომ კანონპროექტი დაკორექტირდება, თუმცა ძირითადი შინაარსი შენარჩუნდება.