"ტაიმ-ბრეიკზე ცუდად არ გამოვიყურებოდი, მაგრამ ბასილაშვილმა ბრწყინვალედ ითამაშა. მან მთელი მატჩი შთამბეჭდავად ჩაატარა. ის ძალიან ძლიერად ურტყამს და ხანდახან მეჩვენებოდა, რომ საერთოდ ვერ ვაკონტროლებდი ბურთს. მუდმივად მიწევდა ძალიან ძლიერი დარტყმების წინააღმდეგ ბრძოლა. რთული მოწინააღმდეგეა," - ეს მსოფლიოს ნომერ პირველმა ჩოგბურთელმა რაფაელ ნადალმა ქართველ ნიკოლოზ ბასილაშვილზე თქვა.
ნიკა დამოუკიდებელ ქართული სპორტის ისტორიაში საუკეთესო ჩოგბურთელია. იგი 2018 წელს მსოფლიოს რეიტინგში მე-16 პოზიციაზე აღმოჩნდა, სადამდეც ბოლო 30-წლეულში არც ერთ ქართველ ვაჟ ჩოგბურთელს არ მიუღწევია.
ისევე როგორც ბევრ ცნობილ სპორტსმენს, ბასილაშვილსაც ურთულესი გზის გავლა მოუწია.
იგი 1992 წლის 23 თებერვალს დაიბადა. მამა - ნოდარი, სუხიშვილების ანსამბლის მოცეკვავე გახლდათ, დედა ნატალია - ფიზიკოსი. ნიკამ ვარჯიში 6 წლის ასაკში გოგა სანთელაძის ხელმძღვანელობით დაიწყო. ერთხან მამა ავარჯიშებდა.
2007-დან 2011 წლამდე ოჯახთან ერთად ამერიკის ქალაქ საკრამენტოში ცხოვრობდა, სადაც საფუძვლიანად შეისწავლა სპორტის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სახეობა. მწვრთნელი ვიტალი გორინი გახლდათ. 15 წლის ასაკში ოჯახთან ერთად რუსეთში გაემგზავრა და იყო ალბათობა, მსოფლიოს იგი რუსეთის სახელით გაეცნო:
"იყო შემთხვევები, როცა მე და მამას რამდენიმე კვირა მანქანაში გვეძინა, მთელი თვეც გაგრძელებულა ასე. იმ დროს ჯერ კიდევ იუნიორთა ტურში გამოვდიოდი. დიდი ხანი მამასთან ერთად კარავში მეძინა და თან ტურნირებზე გამოვდიოდი. თავისებურად, საინტერესო იყო. ცუდ პირობებში ვვარჯიშობდი და სპონსორიც ვერ ვიპოვე. ამიტომაც მივიღე რუსეთის მოქალაქეობა.
21 წლის ვიყავი, როცა პრაქტიკულად ნულიდან დავიწყე ჩოგბურთის თამაში, რადგან მორალურად განადგურებული ვიყავი. ეს ყველაფერი გაძლევს იმის გააზრების საშუალებას, რომ ცუდ დროებას ფუჭად არ ჩაუვლია. ამან უფრო მეტად გამაძლიერა, ძალა და უმაღლეს დონეზე ჩოგბურთის თამაშის საშუალება მომცა".
შემოსავალი
ჩოგბურთი სპორტის ის სახეობაა, რომელშიც თავდაუზოგავი შრომა აუცილებლად დაფასდება. ამის მაგალითი სწორედ ბასილაშვილის კარიერაა: თუ ნიკას მამამისთან ერთად კარიერის დასაწყისში მანქანასა და კარვებში უხდებოდა ღამის გათენება, პროფესიონალებში გადასვლის შემდეგ ამოისუნთქა. ყოველ შეჯიბრებაში თითო მოგებაზე სხვადასხვა საპრიზო თანხაა გამოყოფილი, ტურნირის მოგება კი ასიათასობით დოლარის შემოსავალია...
მაგალითად, ჩინეთის მასტერსზე პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის დამძლევი 2,845 დოლარს იღებს, მომდევნო ეტაპის მომგები - 5,575 დოლარს და ასე მატულობს თანხა ფინალამდე:
სწორედ 733,320 დოლარი მიიღო ნიკა ბასილაშვილმა 2018 წელს ჩინეთის ღია პირველობის მოგებისთვის. ჰამბურგის ტურნირის ბიუჯეტი შედარებით მოკრძალებულია. მისი მოგება 2018 წელს 349,200 დოლარად ფასობდა, 2019 წელს - 354,845 დოლარად.
საჩოგბურთო საიტებზე ნებისმიერი მოთამაშის შემოსავალი "თეთრებშია" გათვლილი. ცნობილია ისიც, რომ ნიკოლოზ ბასილაშვილს კარიერაში (2020 წლის მაისის მონაცემებით) 5,479,761 დოლარი აქვს მიღებული. ისიც კარგად მოგეხსენებათ, რომ ეს სუფთა შემოსავალი ვერ იქნება...
"ჩოგბურთელები ყველა ტურნირზე დაახლოებით 30%-ით იბეგრებიან. გარდა ამისა, მყავს ერთ-ერთი საუკეთესო და ძვირადღირებული მწვრთნელი, ასევე - ფიზიოთერაპევტი, სტატისტიკოსი და ანალიტიკოსი, რომელთაც მთლიანად მე ვაფინანსებ.
სპორტის სხვა სახეობებისგან განსხვავებით, ჩოგბურთელები თვითონ უზრუნველყოფენ თავიანთი გუნდების წევრების ხელფასების, სასტუმროსა თუ კვების ხარჯებს და ტურნირებზე გამომუშავებული თანხების დიდი ნაწილიც სწორედ ამაში იხარჯება," - განმარტავს ქართველი ჩოგბურთელი. წაიკითხეთ სრულად