სათამაშო ბიზნესის მიერ ბიუჯეტში შეტანილი მოსაკრებლის მოცულობა შემცირდა, თუმცა არა ონლაინ-კაზინოებიდან.
მეტიც, მიუხედავად, კორონავირუსის პანდემიის მიერ გაჩერებული ბიზნესისა, 2020 იანვარ-აპრილში ბიუჯეტში სისტემურ-ელექტრონული ფორმის თამაშობებიდან წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით თითქმის 40 ათასი ლარით მეტი შევიდა.
როგორც საქართველოს ნაერთი ბიუჯეტის შემოსულობებში (კონსოლიდაციის გარეშე) ვკითხულობთ, 2020 წლის იანვარ-აპრილში სათამაშო ბიზნესმა მოსაკრებლის სახით 8,112 მილიონი ლარი შეიტანა, რაც 4-ჯერ ნაკლებია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. შარშან 4 თვეში სათამაშო ბიზნესმა ბიუჯეტში 33,616 მილიონი ლარის მოცულობის მოსაკრებელი გადარიცხა.
ამავე მონაცემების მიხედვით, შემცირება შეეხო მიწის კაზინოებს, სისტემურ-ელექტრონული ფორმის თამაშობიდან და წამახალისებელი გათამაშებებიდან კი მოსაკრებლის სახით ბიუჯეტში თანხის გაზრდილი მოცულობა შევიდა. კერძოდ, 2020 წლის იანვარ აპრილში სისტემურ-ელექტრონული ფორმის თამაშობიდან ბიუჯეტში 3,093 მილიონი ლარი შევიდა, 2019 წლის ანალოგიურ პერიოდში კი 3, 055 მილიონი ლარი. წამახალისებელი გათამაშებებიდან კი ბიუჯეტში შესული თანხის მოცულობამ 4,024 მილიონი ლარი შეადგინა, წინა წლის ანალოგიურ პერიოდში - 3,192 მილიონი ლარი.
ამასთან, 2020 წლის იანვარ-აპრილში ბიუჯეტში სათამაშო აპარატებიდან 580 740 ლარი შევიდა, რაც 97%-ით ნაკლებია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. შარშან 4 თვეში სათამაშო აპარატებიდან ბიუჯეტში მოსაკრებლის სახით 18,210 მილიონი ლარის მოსაკრებელი შევიდა.
ამასთან, 3-ჯერ შემცირდა კლუბის მაგიდიდან ბიუჯეტში შესული მოსაკრებლის მოცულობა და 24-ჯერ სამორინეს მაგიდიდან. კლუბის მაგიდიდან წელს ბიუჯეტში მოსაკრებლის სახით შევიდა 58 000 ლარი (2019 წლის 4 თვეში - 206 000 ლარი) სამორინეს მაგიდიდან 360 000 ლარი (2019 წლის იანვარ-აპრილში 8,783 მილიონი ლარი).
შეგახსენებთ, რომ კორონავირუსთან დაკავშირებით არსებული ვითარების გამო, საქართველოს სათამაშო ბიზნესის ასოციაციაში შემავალმა კომპანიებმა მიწის კაზინოები, ტოტალიზატორები და სლოტ კლუბები 18 მარტს დახურეს.