რა წესების დაცვით იმუშავებენ მოლები - „თბილისი მოლის“ განმარტება

ორშაბათიდან 1-ლი ივნისიდან ყველა სახის ღია მაღაზია, მათ შორის მოლები, ღია და დახურული ბაზრობები და ღია სივრცის რესტორნები გაიხსნება.

ამის შესახებ დღეს გამართულ ბრიფინგზე პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა.

როგორ „ბიზნესპრესნიუსს“ „თბილისი მოლში“ განუცხადეს, სავაჭრო ცენტრებს გარკვეული წესების დაცვით მოუწევთ მუშაობა. კერძოდ, მოლის შესასვლელში განთავსდება დეზობარიერი და თერმოკამერა ტემპერატურის გასაზომად. ამასთან, აუცილებელია სამედიცინო ნიღბის ტარება.

„გარდა ამისა, სავალდებულო ხდება დისტანციის დაცვა, საერთო სივრცეში 10 კვადრატულ მეტრზე დაიშვება მხოლოდ ერთი ადამიანი, სავაჭრო ცენტრებში განთავსებულ მაღაზიებში კი 5 კვადრატულ მეტრზე ერთი ადამიანი. ყველა მაღაზიას შესასვლელთან ექნება რიგის სტიკერი მოწყობილი, იმ შემთხვევაში, თუ შიგნით ბევრი ადამიანია, გარეთ დაელოდებიან სხვა მომხმარებლები“, - განუცხადეს „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას „თბილისი მოლში“.