„პანდემიას საქართველო სუსტი და არასწორი ეკონომიკური პოლიტიკით შეხვდა და ყველაზე მძიმე ეკონომიკური ზიანი განიცადა"

პანდემიას საქართველო სუსტი და არასწორი ეკონომიკური პოლიტიკით შეხვდა და ყველაზე მძიმე ეკონომიკური ზიანი განიცადა, - ამის შესახებ ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე რომან გოცირიძემ ჟურნალისტებს პარლამენტში განუცხადა.

მისი თქმით, კითხვები, რომელზე პასუხის გაცემაც დღეს პრემიერს მოუწევს, შეეხება ქვეყნის ეკონომიკას, მოსახლეობის და ბიზნესის დახმარების გეგმას, საგანგებო ბიუჯეტს და ა.შ.

„საქართველოს ხელისუფლება პანდემიას, ეკონომიკური თვალსაზრისით, ყველაზე მოუმზადებლად შეხვდა რეგიონში. ამ 3 თვის განმავლობაში საქართველოში ყველაზე მეტად გაუფასურდა საკუთარი ვალუტა, თითქმის ყველაზე მეტად გაიზარდა ფასები რეგიონში. ხალხი გაღატაკდა და არცერთი თეთრი დახმარება არ მიუღიათ ჩვენს მოქალაქეებს ამ 3 თვის განმავლობაში. პანდემიას საქართველო სუსტი და არასწორი ეკონომიკური პოლიტიკით შეხვდა და ყველაზე მძიმე ეკონომიკური ზიანი განიცადა. არ არსებობს მსოფლიოში სხვა სახელმწიფო, რომელსაც ამ უმძიმეს ვითარებაში საკუთარი მოქალაქეებისთვის არ გაეწია ფინანსური დახმარება. ის მწირი დანაპირებიც კი, რომელიც გვესმის მთავრობიდან, დღემდე არ არის შესრულებული. დღეს ქვეყანა გაღატაკებულია. ასეული ათასობით ადამიანი შემოსავლისა და საარსებო წყაროს გარეშეა დარჩენილი. ამიტომ ჩვენი მთავარი შეკითხვა იქნება: რა დამართეთ ამ 8 წლის განმავლობაში ქვეყნის ეკონომიკას? სად არის ელემენტარული გონივრული გეგმა, რომელიც სოციალურ ან სხვა სახის დახმარებას გაუწევს უმუშევრად დარჩენილ მოქალაქეებს? სად არის ის დანაპირები, რომელიც ბიზნესს უნდა წაშველებოდა? სად არის ბიუჯეტი, რომელიც დღემდე არ შემოსულა პარლამენტში?“ - განაცხადა გოცირიძემ.