საქართველოს ეროვნული ბანკის ფინანსური სტაბილურობის კომიტეტმა კონტრციკლური ბუფერი უცვლელად, 0%-ზე, დატოვა.
როგორც ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, კობა გვენეტაძემ კომიტეტის სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, აღნიშნული ბუფერის მოთხოვნა წლის ბოლომდე უცვლელად შენარჩუნდება.
მისივე თქმით, კორონავირუსის გავრცელების შემდეგ, საკრედიტო აქტივობა მნიშვნელოვნად შენელდა და ბოლო თვეების ტენდენციის შენარჩუნების შემთხვევაში წელს საკრედიტო პორტფელის ზრდა 0%-5%-ის ფარგლებში იქნება. ამასთან, კობა გვენეტაძე აცხადებს, რომ ფინანსური სტაბილურობის კომიტეტის შეფასებით, საქართველოს ფინანსური სისტემა შოკის მიმართ მდგრადობას ინარჩუნებს.
ამასთან, კობა გვენეტაძე აცხადებს, რომ გაზრდილი გაურკვევლობის ფონზე გატარებული რეზერვების გამო შესაძლოა, ბანკებმა 2020 წელი ზარალით დაასრულონ, თუმცა, სტაბილური საოპერაციო შემოსავლების გათვალისწინებით, მოსალოდნელია, რომ პანდემიის შემდგომ მომგებიანობას მალევე აღიდგენენ.
„2020 წლის აპრილში სესხების წლიურმა ზრდამ, გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით, 17% შეადგინა. ამასთან, სესხების ფარდობა მთლიან შიდა პროდუქტთან გრძელვადიან ტრენდს კვლავ აჭარბებს, რაც წინა პერიოდებში მაღალი საკრედიტო ზრდისა და გაცვლითი კურსის ეფექტს ასახავს. გაზრდილი გეპი ვალის ტვირთის და მოწყვლადობის ზრდაზე მიუთითებს, განსაკუთრებით კორპორატიულ სექტორში. მეორე მხრივ, კორონავირუსის გავრცელების შემდეგ, საკრედიტო აქტივობა მნიშვნელოვნად შენელდა და, ბოლო თვეების ტენდენციის შენარჩუნების შემთხვევაში წელს საკრედიტო პორტფელის ზრდა 0%-5%-ის ფარგლებში იქნება. ამ მოცემულობით, მიმდინარე წელს კონტრციკლური ბუფერის, ან მიმდინარე წლის მარტში გამოთავისუფლებული კაპიტალის ბუფერების გაზრდის საჭიროება არ დადგება. სამომავლოდ კაპიტალის ბუფერების თავიდან დაგროვებისთვის კი საბანკო სექტორს მიეცემა საკმარისი დრო, რათა აღნიშნული ბუფერები ეტაპობრივად და განსაკუთრებული სირთულეების გარეშე შეივსოს.
COVID-19-ის პანდემიამ ეკონომიკა და ფინანსური სექტორი დააზარალა, თუმცა ეროვნული ბანკისა და მთავრობის მიერ გატარებული ღონისძიებები მის გავლენას მნიშვნელოვნად არბილებს. რეალური ეკონომიკის დაკრედიტების შენარჩუნების მიზნით, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა შეიმუშავა საზედამხედველო გეგმა, რომლის ფარგლებშიც ბანკებს კაპიტალის არსებული ბუფერების გამოყენების შესაძლებლობა მიეცათ. ამ ბუფერების გამოყენებით ფინანსური ინსტიტუტები ასევე შეძლებენ უფრო ადვილად გაანეიტრალონ პოტენციური საკრედიტო დანაკარგები. დამატებით, მეტი მოქნილობა გაჩნდა ლიკვიდობის მართვაში და საგრძნობლად გაფართოვდა ლარის ლიკვიდობის მიწოდების ინსტრუმენტები, რაც მოსალოდნელია, რომ სრულად გაანეიტრალებს ლიკვიდობის დეფიციტის საფრთხესა და ამის შედეგად გაზრდილ საპროცენტო განაკვეთებს. აღსანიშნავია, რომ გატარებული ნაბიჯები სრულ თანხვედრაშია საერთაშორისო სავალუტო ფონდის, ევროპის ცენტრალური ბანკისა და სხვა წამყვანი ფინანსური ორგანიზაციების რეკომენდაციებთან. ამასთან, საკრედიტო აქტივობაზე პოზიტიურად იმოქმედებს მთავრობის მიერ გაცხადებული ანტიკრიზისული ღონისძიებებიც. იგივე კუთხით, კრიტიკული იყო კრედიტორების მიერ შეთავაზებული სესხების გადავადების პროგრამები, რომელმაც დროებით გადახდისუუნარო მსესხებლებს ფინანსური მდგომარეობა შეუმსუბუქა.
საქართველოს ფინანსური სისტემა შოკის მიმართ მდგრადობას ინარჩუნებს. COVID-19-ის პანდემიის გავლენით მნიშვნელოვნად შემცირდა ეკონომიკური აქტივობა და გაიზარდა ფინანსური სტაბილურობის რისკები მთელ მსოფლიოში. თუმცა, როგორც წინა კომიტეტის განცხადებებში იყო აღნიშნული, დღევანდელ გამოწვევას საქართველოს ფინანსური სექტორი კარგად მომზადებული შეხვდა. წინა პერიოდებში მიღებულმა მოგებამ და დამატებითი კაპიტალის მოთხოვნების დაწესებამ ბანკებს საშუალება მისცა მსგავსი სტრესული სიტუაციის გასამკლავებლად საკმარისი მოცულობის კაპიტალის ბუფერი შეექმნათ. გარდა ამისა, ეროვნული ბანკის მიერ მიღებულმა მაკრო-პრუდენციულმა ზომებმა ხელი შეუწყო არაფინანსური სექტორის მოწყვლადობის შემცირებას, მათ შორის, სესხების დოლარიზაციისა და შინამეურნეობის ჭარბვალიანობის კლების გამო. ასევე, სტაბილურია ბანკების დაფინანსების წყაროები და სოლიდურია ლიკვიდობის ბუფერიც, რასაც LCR/NSFR-მა (ლიკვიდობის გადაფარვის კოეფიციენტმა / წმინდა სტაბილური დაფინანსების კოეფიციენტმა) და მინიმალურმა სარეზერვო მოთხოვნებმაც შეუწყო ხელი. გაზრდილი გაურკვევლობის ფონზე გატარებული რეზერვების გამო შესაძლოა ბანკებმა 2020 წელი ზარალით დაასრულონ, თუმცა, სტაბილური საოპერაციო შემოსავლების გათვალისწინებით, მოსალოდნელია, რომ პანდემიის შემდგომ მომგებიანობას მალევე აღიდგენენ. მდგრადია არასაბანკო სექტორიც, რომელსაც ასევე აქვს დაწესებული პრუდენციული მოთხოვნები.
აღსანიშნავია, რომ დღეისთვის შოკის მასშტაბები უკეთესად შეგვიძლია შევაფასოთ და მისი შესაძლო გავლენა ფინანსურ სექტორზე დიდწილად უკვე ასახულია. თუმცა, კვლავ ნარჩუნდება მაღალი გაურკვევლობა, მათ შორის, პანდემიის დასრულების ვადებთან დაკავშირებით. საქართველოს ეროვნული ბანკი განაგრძობს ქვეყნის ფინანსური სტაბილურობის მუდმივ მონიტორინგს, საშინაო და საგარეო რისკების შეფასებას და საჭიროებისამებრ გამოიყენებს მის ხელთ არსებულ ყველა ინსტრუმენტს შესაძლო რისკების მინიმიზაციისთვის.
ფინანსური სტაბილურობის კომიტეტის მორიგი სხდომა 2020 წლის 30 სექტემბერს გაიმართება,”-აღნიშნა გვენეტაძემ.
ცნობისთვის, კაპიტალის კონტრციკლური ბუფერი წარმოადგენს მაკროპრუდენციული პოლიტიკის ერთ-ერთ ძირითად ინსტრუმენტს. მისი მიზანია, საჭიროების შემთხვევაში შეზღუდოს ეკონომიკის ისეთი ჭარბი დაკრედიტება, რომელიც სისტემური რისკების ზრდას იწვევს.