საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას განცხადებით, საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შემდეგაც კი ქვეყანაში დაახლოებით, 65 ათასი კომპანია აგრძელებდა მუშაობას და არ გაჩერებულა სოფლის მეურნეობის არცერთი საწარმო, სისტემური ინფრასტრუქტურული პროექტი და სისტემური ინდუსტრიალური კომპანია. ამასთანავე, მან აღნიშნა, რომ არც ერთი ეს სამუშაო ადგილი არ გამხდარა ინფექციის გავრცელების წყარო, რადგან ყველაფერი კეთდებოდა ეტაპობრივად, პრაგმატულად და კონტროლის ქვეშ.
„საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებისთანავე, ქვეყანაში შეიქმნა ოპერატიული მართვის შტაბი, რომელიც იყო შექმნილი უშიშროების საბჭოსთან. ამ შტაბის ქვემოთ შეიქმნა იგივე ფორმის შტაბები რეგიონალურ დონეზე, რომლებსაც ხელმძღვანელობდნენ გუბერნატორები. ეს იყო უაღრესად ქმედითი ინსტრუმენტი იმისთვის, რომ ჩვენ ერთდროულად გვქონოდა შესაძლებლობა, გვემართა ვირუსის გავრცელებაც და ბოლომდე არ გადაგვეკეტა ეკონომიკური საქმიანობაც. ყველამ შესაძლოა არ იცის, მაგრამ ქვეყანაში არ გაჩერებულა სოფლის მეურნეობის არცერთი საწარმო, არცერთი სისტემური ინფრასტრუქტურული პროექტი, არ გაჩერებულა არცერთი სისტემური ინდუსტრიალური კომპანია. მოკლედ შეიძლება ითქვას, რომ ქვეყანაში დაახლოებით, 65 ათასი კომპანია აგრძელებდა მუშაობას, რაც იყო ათობით ათასი სამუშაო ადგილი. ეს ყველაფერი კეთდებოდა კონტროლის ქვეშ და ვერ დაასახელებთ ვერც ერთ შემთხვევას, როდესაც ეს საწარმოები ან სამუშაო ადგილები გამხდარიყო ინფექციის გავრცელების წყარო. იმიტომ რომ ჩვენ ამას ვაკეთებდით ეტაპობრივად, აბსოლუტურად პრაგმატულად. მაგალითად, იყო რამდენიმე ინდუსტრიული ქალაქი, რომელიც იმისთვის კი არ გვქონდა გადაკეტილი, რომ იქიდან ინფექცია არ გამოსულიყო, არამედ იმისთვის, რომ იქ ლოკალიზებული გვყავდა ადგილობრივი მუშახელი და რომ იქ ინფექცია არ შესულიყო. ამიტომ, როდესაც ვსაუბრობთ ეკონომიკის გაჩერებაზე, საქართველოში არ ყოფილა კარანტინის ისეთი დონე, რომელიც იყო ევროპის უმრავლეს ქვეყანაში. საქართველოში არც ერთი დღე არ ყოფილა მოქალაქისთვის სახლიდან გამოსვლაზე შეზღუდვა და მიუხედავად ამისა, ჩვენ შევძელით, რომ კონტროლის ქვეშ გვაქვს ეპიდემია,“- განაცხადა გიორგი გახარიამ.