„ფასის დაფიქსირებას არავინ არავის დაპირებია, ჩვენი დაპირება იყო ფასების სპეკულაციური მერყეობისა და კურსთა შორის სხვაობის დაფიქსირება, რაც შევასრულეთ"

საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას განცხადებით, კორონავირუსის შედეგად შექმნილი ვითარების მიუხედავად, ხელისუფლებამ 9 აუცილებელ სასურსათო პროდუქტზე სტრატეგიული მარაგები შექმნა, რომელიც დღესაც არსებობს.

როგორც მან პარლამენტში გამოსვლისას განმარტა, მთავრობის დაპირება ბაზარზე ფასების სპეკულაციური მერყეობისა და კურსთა შორის სხვაობის დაფიქსირება იყო, რაც შესრულდა.

„ყველას კარგად გესმის და ვთქვით, რომ პანდემია არის გლობალური. პანდემია არის გლობალური არა მხოლოდ ჯანმრთელობის თვალსაზრისით, არამედ ეკონომიკური გამოწვევაა. მსოფლიო და ჩვენი მეზობლები ამას ძალიან სწრაფად მიხვდნენ. ჩვენთვის ამის პირველი მესიჯები იყო ის, როდესაც ჩვენმა მეზობლებმა, ან მომწოდებლებმა ქვეყნებმა ძირითად სასურსათო პროდუქტებზე უბრალოდ ბაზრები გადაკეტეს, ეს იყო ხორბალი, შაქარი, ბურღულეული და ა.შ. ეს იყო შემთხვევა, როდესაც ზოგიერთი ქვეყანა უბრალოდ გარკვეული პანიკის ნიშნების წინაშე იდგა. ამიტომ, შეიქმნა სპეციალური ჯგუფი, რომელსაც ხელმძღვანელობდა ბატონი ლევან დავითაშვილი, რომელმაც ეფექტურად იმუშავა მსხვილ იმპორტიორებთან და ჩვენ 9 აუცილებელ სასურსათო პროდუქტზე სტრატეგიული მარაგები გავაკეთეთ, რომელიც დღესაც გვაქვს, რომელსაც საჭიროების შემთხვევაში ვიყენებდით. ახლა ისე გამოვიდა, რომ ჩვენ ასე თუ ისე ნორმალურად ვართ. გავაკეთეთ ეს პროგრამა, რომელიც გულისხმობდა 9 ძირითად პროდუქტზე ფასის დაზღვევას, მაგრამ არ მინდა, ვინმეს სპეკულირების საშუალება მივცე. არავინ არავის დაპირებია ფასის დაფიქსირებას. ჩვენი დაპირება იყო ფასების სპეკულაციური მერყეობისა და კურსთა შორის სხვაობის დაფიქსირება, რაც შევასრულეთ. საერთაშორისო ბაზრებზე, მაგალითად შაქარსა და ფქვილზე საქარველოს ფასების დაზღვევა უბრალოდ შეუძლებელია. ჩვენი ძირითადი ამოცანა შიდა რისკების დაზღვევა იყო- ეს იყო სპეკულაცია და კურსთა შორის სხვაობა, რაც ქმედითად გაკეთდა“, - განაცხადა პრემიერმა.

მისი განმარტებით, სხვადასხვა უწყების დამსახურებაა ის, რომ დღეს საქართველოში პირბადის დეფიციტი არ არის.

„მათ შეძლეს, რომ გარკვეული პრობლემების გარდა, ქართველ ექიმებს პირადი დაცვის აღჭურვილობის დიდი პრობლემა არ შექმნიათ. არაფერს ვამბობ იმაზე, რომ დღეს ქვეყანაში საკმარისზე მეტი რაოდენობის პირბადე იწარმოება, რაშიც ეკონომიკის სამინისტრო იყო ჩართული და დღეს ფაქტობრივად, ზოგიერთ განვითარებულ ქვეყანაში რიგებია უბრალოდ მსხვილი შესყიდვების გამო“, - განაცხადა პრემიერმა.