საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი, კობა გვენეტაძე აცხადებს, რომ სავალუტო ჯიხურების მუშაობის აღდგენასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას მთავრობა იღებს და არა ეროვნული ბანკი.
“ეროვნული ბანკი არ იღებს გადაწყვეტილებას ეკონომიკის სხვადასხვა სფეროს და მათ შორის სავალუტო ჯიხურების გახსნის ან დაკეტვის შესახებ. ეს გადაწყვეტილებები არის მიღებული იმ ჩარჩოში, რომელიც COVID-19-თან გამკლავებას ეხება. ეს გადაწყვეტილება მიიღება აღმასრულებელი ხელისუფლების მიერ, ქვეყანაში არსებული ეპიდემიოლოგიური სიტუაციის გათვალისწინებით. ჩვენ მუდმივ კომუნიკაციაში ვართ როგორც ამ სექტორთან, ასევე, მთავრობასთან და როგორც კი სიახლე გვექნება, გავაცნობთ საზოგადოებას", - განაცხადა კობა გვენეტაძემ სავალუტო ჯიხურების გახსნასთან დაკავშირებული საკითხის კომენტირებისას.