დიდი ბრიტანეთის სოფლის მეურნეობის სექტორში მუშა-ხელის დეფიციტია

დიდი ბრიტანეთის სოფლის მეურნეობის სექტორს სეზონური სამუშაოებისთვის მუშა-ხელის მოძიება უჭირს.

როგორც Guardian-ი წერს, მიუხედავად იმისა, რომ მუშების მოძიების პროცესი რამდენიმე კვირის წინ დაიწყო, სექტორს დამატებით 40 000 ადამიანი მაინც სჭირდება.

საკარანტინო შეზღუდვების გამო, ბრიტანეთში სხვა ქვეყნებიდან სეზონური სამუშაოებისთვის მუშა-ხელი ისევ ვერ შედის. ამისათვის სასოფლო-სამეურნეო სექტორს სჭირდება ადგილობრივი რესურსებით მათი ჩანაცვლება. თუმცა, შიშობენ, რომ ადგილობრივები შეზღუდვების მოხსნის შემდეგ, ფერმერულ მეურნეობებს სწრაფადვე დატოვებენ. საკარანტინე ზომების შემსუბუქებას მოსავლის აღების დასრულებამდე პროგნოზირებენ, შესაბამისად, მუშების სიმცირე სექტორს მნიშვნელოვან ზიანს მიაყენებს.

როგორც East-fruit-ი სამთავრობო ინდუსტრიულ პორტალ Pick for Britain-ზე დაყრდნობით წერს, ბრიტანეთის სოფლის მეურნეობის სექტორს საშუალოდ 70 000 მუშა სჭირდება, რათა გაზაფხულზე, ზაფხულსა და შემოდგომაზე მიღებული მოსავალი აიღონ.

”ჩვენ უკვე გვყავს 20-დან 40 ათასამდე მუშა, მაგრამ ეს საკმარისი არ არის. ფერმერები კვლავ ელოდებიან მუშების ჩამოსვლას აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებიდან, მაგრამ საკარანტინო წესები ქმნის გაურკვევლობას. გარდა ამისა, სეზონური მუშები, რომლებმაც მოახერხეს ევროპის სხვა ქვეყნებიდან ჩამოსვლა, იძულებულნი არიან გაიარონ ორკვირიანი იზოლაცია სამუშაოს დაწყებამდე. ეს კიდევ უფრო ამძაფრებს მუშა-ხელის დეფიციტს, რაც ახლა სასწრაფოდ არის საჭირო“, - განაცხადა ბრიტანეთის ფერმერთა ეროვნული კავშირის ვიცე-პრეზიდენტმა ტომ ბრედშუმ.