შეზღუდვების მოხსნაში ორი რამ არის ძალიან სარისკო - საზოგადოებრივი ტრანსპორტის და ტურიზმის ამუშავება, - ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს გენერალურმა დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, ახლა ჩვენი ქვეყანა დიდი გამოცდის წინაშე დგას და საჭიროა, ხელისუფლებამ და ექიმებმა მოიფიქრონ და დააწესონ ისეთი რეგულაციები, რომლებიც ტურიზმის გახსნის შემდეგ რისკებს მინიმუმამდე დაიყვანს.
„რა თქმა უნდა, შეზღუდვების მოხსნის შემდეგ არსებობს რისკი, რომ ის ძალიან კარგი მდგომარეობა, რომელსაც საქართველომ მიაღწია პანდემიის ამ ეტაპზე და რაც გამოიხატება იმაში, რომ ბოლო ერთ კვირაში ახალი ინფიცირებულების რისკი არ აცდენია ერთნიშნა რიცხვს და ბოლო დღეებში საერთოდ არის 1-დან 3-მდე... როდესაც შეზღუდვები მთლიანად მოიხსნება, ორი ძირითადი მომენტი არის ძალიან სარისკო: ეს არის, საზოგადოებრივი ტრანსპორტის ამუშავება და ტურიზმის ამუშავება. რა თქმა უნდა, რისკები მოიმატებს, წინასწარ პროგნოზს ვერავინ გააკეთებს, ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ მოიქცევა ჩვენი მოსახლეობა, როგორი თვითშეგნება ექნება, როგორ დაიცავს ის იმ წესებს, რომლიც უკვე გამოვიმუშავეთ ამ 3 თვის მანძილზე, ის ტურისტიც რომ შემოვა, მისგანაც საჭიროა დისტანცირება და ა.შ. როდესაც გაიხსნება საზოგადოებრივი ტრანსპორტი, ჩემი აზრით, ჯერჯერობით არ გაიხსნება სრული დატვირთვით და მოხდება იქ შერჩეულ ადგილებზე მგზავრების დასხდომა. თუ ჩვეულებრივ ავტობუსში ჩვეულებრივ დროს მგზავრობდა 50-60 ადამიანი, ახლა იმგზავრებს ამის მესამედი, ასევე იქნება მეტროსადგურებში. ახლა ჩვენი ქვეყანა დგას ძალიან დიდი გამოცდის წინაშე, ჩვენმა სახელისუფლებო ვერტიკალმა და ექიმებმა, როგორმე უნდა მოახერხონ, მოიფიქრონ და დააწესონ ის რეგულაციები, რაც ტურიზმის გახსნის შემდეგ რისკებს დაიყვანს მინიმუმამდე, ნულამდე ვერ დაიყვანს“, - განაცხადა ცერცვაძემ.