საქართველოს ეროვნული ბანკი უსაფრთხო სამუშაო პროცესის სრულად აღდგენამდე, ლიცენზირებისა და რეგისტრაციის მაძიებლებისთვის დოკუმენტების მიღების შეჩერების ვადას ორი თვით ახანგრძლივებს, - ამის შესახებ ინფორმაციას სებ-ი ავრცელებს.
"აღნიშნული ეხება ყველა ტიპის არასაბანკო საფინანსო მიმართულებას: საგადახდო მომსახურების პროვაიდერად და სისტემის ოპერატორად, საფონდო ბირჟად, ცენტრალურ დეპოზიტარად, საბროკერო კომპანიად, ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორად, საკრედიტო კავშირად, მიკროსაფინანსო ორგანიზაციად, სესხის გამცემ სუბიექტად, ვალუტის გადამცვლელ პუნქტად რეგისტრაცია/ ლიცენცირებისთვის/აღიარების მისანიჭებლად საქართველოს ეროვნულ ბანკში წარსადგენი განცხადებისა და შესაბამისი დოკუმენტების შემოტანას.
აღნიშნული არ ვრცელდება იმ პირებზე, ვისაც ბრძანების გამოცემამდე განაცხადი უკვე შეტანილი ჰქონდათ საქართველოს ეროვნულ ბანკში. მათი განხილვა მოხდება კანონმდებლობის შესაბამისად დადგენილი წესებით განსაზღვრული ვადებისა და პირობების შესაბამისად.
COVID-19-ის პანდემიის ქვეყნის საფინანსო სექტორზე უარყოფითი ზეგავლენის შერბილებისა და ქვეყნის ეკონომიკის წახალისების მიზნით, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა მნიშვნელოვანი ღონისძიებები გაატარა. ერთობლივი ქმედებებით, ჩვენ სწრაფად შევძლებთ ვირუსის დამარცხებას და საქმიანობის ჩვეულ რეჟიმში აღდგენას," - აღნიშნულია ინფორმაციაში.