პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ პარლამენტში გამოსვლისას ფინანსთა სამინისტროს დავალება მისცა, რომ 1200 - ლარიანი დახმარების მიღება იმ დასაქმებულებმაც შეძლონ, რომელთაც არა მხოლოდ 2020 წლის პირველ კვარტალში, არამედ გასული წლის ბოლო 6 თვეში უფიქსირდებოდათ ოფიციალური შემოსავალი.
პრემიერის თქმით, თუ სეზონური დასაქმების გამო ზოგიერთი ადამიანი ამ დახმარების მიღებას ვერ ახერხებდა, ამ ადამიანების ინტერესიც გათვალისწინებული იქნება.
„დებულებაში გაწერილი იყო, რომ 1200 ლარიან დახმარებას მაშინ მიიღებდა დასაქმებული თუ პირველი კვარტალში ერთი თვე მაინც უფიქსირდებოდა ოფიციალური ხელფასი და ამ ადამიანებს, სეზონი არ იყო და შესაბამისად ხელფასი არ უფიქსირდებოდათ, აგერაა ფინანსთა სამინისტრო, რომელიც მიიღებს დავალებას, წინა წლის ბოლო 6 თვის განმავლობაში თუ ვინმე სისტემური, ოფიციალური შემოსავალი უფიქსირდება, რა თქმა უნდა, ჩვენ ამ ადამიანების ინტერესს გავითვალისწინებთ, ამ პირველი კვარტლის პრინციპს არ მივაქცევთ ყურადღებას და ამ ცვლილებას შევიტანთ,“-აღნიშნა გახარიამ.
ცნობისთვის, მთავრობის ანტიკრიზისული გეგმით გაწერილია, რომ 6 თვის განმავლობაში 200 - ლარიან დახმარებას ის დასაქმებულები მიიღებენ, ვინც 2020 წლის პირველ სამ თვეში შემოსავალს იღებდნენ და აპრილიდან ხელფასის გარეშე დარჩნენ.