რა პროცედურას გაივლის ტურისტი ქვეყანაში შემოსვლის დროს

საქართველოში შემოსულ ტურისტს უნდა ჰქონდეს აქტუალური 72- საათიანი PCR ტესტი, წინააღმდეგ შემთხვევაში, ის უბრალოდ საქართველოში არ შემოვა ,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოც უზრუნველყოფს სწრაფი PCR ტესტების ჩატარებას იმ ერთეული ტურისტებისთვის, ვისაც ქვეყანაში შემოსვლამდე მსგავსი შემოწმება გავლილი არ ექნება. გახარიას ინფორმაციით, ორგანიზებული ტურისტული ჯგუფები ქვეყანაში მხოლოდ არსებული წესის დაცვით შემოვლენ.

„ეს ტექნოლოგიური პროტოკოლები უკვე დამუშავებუალია მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციასთან ერთად და ორმხრივი მოლაპარაკებების ფარგლებში. მაგალითად, საქართველოში შემოსულ ტურისტს უნდა ჰქონდეს აქტუალური 72- საათიანი PCR ტესტი. წინააღმდეგ შემთხვევაში, ის უბრალოდ საქართველოში არ შემოვა. მოგეხსენებათ, რომ ევროპაში უკვე კოვიდპასპორტის თემას განიხილავენ. ჩვენ, რა თქმა უნდა, ქვეყანაშიც შევქმნით შიგნით ამ PCR ტესტების აღების შესაძლებლობას, ასეთი შემთხვევები თუ იშვიათად გვექნება, რომ ჩამოსულ ადამიანს ასეთი ტესტი გაკეთებული არ ექნება, მაგრამ ორგანიზებული ტურისტული ჯგუფები ქვეყანაში შემოვლენ მხოლოდ და მხოლოდ მაშინ, როდესაც ასეთი წესი იქნება დაცული. გარდა ამისა, ეს ორგანიზებული ტურისტული ჯგუფები მოხვდებიან კონკრეტულ სასტუმრო კომპლექსებში, რომლებსაც ასევე ექნებათ ჯანდაცვის სამინისტროდან მიღებული კონკრეტული ნებართვა შემოწმების შემდგომ, რომ ისინი ითვალისწინებენ და იქ დანერგილია ყველა პროტოკოლი. სხვა შემთხვევაში ჩვენ, უბრალოდ, რეპუტაციულად ჩვენი ტურიზმის ბრენდსა და სექტორს ვაყენებთ რისკის ქვეშ. ტურიზმში ჩვენ არ უნდა დავკარგოთ საქართველოს, როგორც ტურისტული ქვეყნის ბრენდის სიძლიერე. პირიქით, ჩვენს ტრადიციებს, სამზარეულოს, ღვინოს, სიმღერას, სტუმარ-მასპინძლობას უნდა დავუმატოთ კიდევ ერთი ძლიერი ბრენდი, საქართველო როგორც კოვიდისგან თავისუფალი და ვირუსთან ბრძოლის ეფექტური ქვეყანა“ - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

მან ამასთანავე აღნიშნა, რომ როდესაც საუბარია იმაზე, რომ საქართველო უნდა იყოს ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, რომელიც ტურიზმს გახსნის, აქ არ იგულისხმება საზღვრების გახსნა და ადამიანების უკონტროლო შემოდინება, არამედ საუბარია სუფთა დერეფნებზე.

გუშინ მე მქონდა სატელეფონი საუბარი ისრაელის პრემიერ-მინისტრთან ზუსტად ამ თემაზე. იქიდან დაინტერესება ძალიან მაღალია, ოღონდ ამასთან ერთად, აინტერესებთ ჩვენი მენეჯმენტი როგორია, როგორ ვიცავთ ჩვენს სივრცეს, ჩვენს ქვეყანას ვირუსის გავრცელებისგან, განსაკუთრებით საქართველოს პირობებში, როდესაც ყველა ხედავს, რა ხდება მეზობელ ქვეყნებთან, ამიტომ ჩვენ სერიოზული დასაბუთება მოგვიწევს იმის, რომ საქართველოში ჩამოსული სტუმარი, ტურისტი არ დადგება რისკის ქვეშ, ამიტომ იქნება მწვანე კორიდორები“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.