საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას განცხადებით, ჩინეთიდან წარმოების გადმოტანა რეალისტური საკითხია.
მისივე თქმით, საქართველოს ამ კუთხით რამდენიმე კონკურენტული უპირატესობა აქვს.
„ჩინეთიდან წარმოების გადმოტანა რეალისტურია, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ვსაუბრობთ და ვითვალისწინებთ იმ თავისუფალი ვაჭრობის პორტფელს, რომელიც ჩვენს ქვეყანას გააჩნია. ესეც არ არის ერთი და ორი დღის თემა. მერწმუნეთ, მიუხედავად იმ პირველი ტალღების და განწყობებისა, რომ ახლა ყველაფერს ამოვიღებთ ჩინეთიდან, ეს ყველაფერი ნელ-ნელა იტკეპნება, ნელ-ნელა უფრო დაბალანსებული მიდგომები ხდება, თუმცა, რა თქმა უნდა, მოთხოვნა-მიწოდების ჯაჭვები ერთმნიშვნელოვნად შეიცვლება. აქ საქართველოს აქვს რამდენიმე კონკურენტული უპირატესობა. პირველი- გეოგრაფიული წვდომადობა მსხვილ ბაზრებზე, პირველ რიგში ევროკავშირი. მეორე - ის სამართლებრივი ჩარჩო, რომელსაც ჩვენ გვაძლევს DCFTA და ეს თავისუფალი უვიზო მიმოსვლა. გვაქვს პრობლემები პერსონალის ნაწილში, კვალიფიკაცია აქ პრობლემაა და რა თქმა უნდა, პრობლემაა სატრანსპორტო კავშირები. ყველას უნდა გვესმოდეს, რომ საქართველოს შემდგომი ეკონომიკური განვითარების ყველაზე სწრაფი დრაივერი უნდა გახდეს და გახდება კავშირები, გეოგრაფიული წვდომა, ყველა სახის კავშირგაბმულობა, როგორც სატრანსპორტო, სატვირთო, ასევე დიჯიტალიზირებული, ყველა სახის საჰაერო კავშირები ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან ხდება ქვეყნისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი პირველ რიგში, ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისთვის. ვერ მოხდება ქვეყანაში ეკონომიკური გარღვევა, თუ ჩვენ ეს კავშირები სწრაფად არ გამოვიყენეთ, განსაკუთრებით შავი ზღვის ნაწილში“, - განაცხადა გახარიამ.
მისი თქმით, დღეს ქვეყნისთვის ყველაზე დიდი პრიორიტეტი შავი ზღვაა.
„შავი ზღვის საშუალებით კავშირები ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან, არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი. ჩვენ გვაქვს შესანიშნავი სამართლებრივი ჩარჩო ეკონომიკური განვითარებისთვის, მაგრამ გვაქვს პრობლემები გეოგრაფიული წვდომის და ეს პრობლემები უნდა გადავლახოთ. ჩვენი ყველაზე დიდი პრობლემა ევროკავშირთან მიმართულებით გვაქვს ის, რომ ჩვენ არ გვაქვს სახმელეთო საზღვარი, გვაქვს შავი ზღვა, ამიტომ ყველამ ერთად უნდა ვიმუშაოთ შავ ზღვაზე“, - განაცხადა გახარიამ.