პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას განცხადებით, იმისთვის, რომ თვითდასაქმებულებმა მთავრობის მიერ დაწესებული შეღავათებით ისარგებლონ, შესაბამისი დოკუმენტის წარდგენა და დასაბუთებაა საჭირო. როგორც მან პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განმარტა, ანალოგიური მიდგომაა ძიძებთან მიმართებით, რომლებმაც მუშაობის დასადასტურებლად საკმარისია, თუნდაც წერილი წარადგინონ.
„აბსოლუტურად ღიად ვამბობთ. ადამიანი, რომელიც საშემოსავლო გადასახადს იხდიდა და აღარ იხდის (ასეთი დროებითი გამონაკლისები იქნება), როდესაც კომპანია წარადგენს, ავტომატურად ერიცხებათ ის თანხა, რაც თვითდასაქმებულების ნაწილში არის. მარტო თვითდასაქმებულებზე არ არის საუბარი. აქ ითქვა, გალერეაში აბარებდა ადამიანი სურათებს და დოკუმენტი აქვს, რომ ფულს იქედან იღებდაო. რა თქმა უნდა, შეცდომაა, თუ ასეთი შემთხვევა არსებობს და ამ ადამიანს დახმარებაზე უარი ეთქვა, კონკრეტული გვარი თქვით და ერთ დღეში ეს პრობლემა გადაწყდება. ეგ კი არა, უბრალოდ ელემენტარული წერილია საჭირო, რომ ადამიანს შემოსავალი ჰქონდა, ეს ყველაფერი თითქმის გადამოწმების გარეშე გაკეთდება. ძიძების ნაწილშიც იგივე მიდგომაა, უბრალოდ წერილია საჭირო. რთულია ეგ თქვენთვის?“,-მიმართა გახარიამ ოპონენტებს.