გიორგი გახარია ოპოზიციას - ისეთი კამპანია აიწია ამ „სუფთა სახლზე“, რომ რაღაც საინტერესო ეჭვები გამიჩნდა

ისეთი კამპანია აიწია ამ „სუფთა სახლზე“, რომ რაღაც საინტერესო ეჭვები გამიჩნდა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა. ამასთანავე, მან უპასუხა კითხვას, აქვს თუ არა მთავრობას დათვლილი ის ზიანი, რომელიც ამ კონკრეტულ კომპანიას დახურვის შედეგად მიადგა.

„მე რატომ უნდა დავთვალო „სუფთა სახლის“ ზიანი? მას დამფუძნებლები ჰყავს, დირექტორი ჰყავს და ფინანსური დირექტორიც ჰყავს და იმან დათვალოს და თუ უნდა მერე მიჩივლოს მე, სახელმწიფოს,“- განაცხადა გიორგი გახარიამ.

მან ასევე ის მიზეზები განმარტა თუ რატომ გახდა 2 კვირით „სუფთა სახლის“ დახურვა საჭირო და აღნიშნა, რომ იმავე ნომენკლატურის პროდუქციას მოსახლეობა სხვა სასურსათო მაღაზიაშიც შეიძენდა, ამ კონკრეტული კომპანიის დროებით დახურვამ კი მთავრობას მობილობის შემცირების შესაძლებლობა მისცა.

„სუფთა სახლის“ ხელმძღვანელები არ ღელავენ „სუფთა სახლზე“ ისე, როგორც თქვენ, იმიტომ რომ მათ გაიგეს, რატომ მოხდა „სუფთა სახლის“ დახურვა მაშინ და რატომ გაიხსნა მერე. მაგრამ ისეთი კამპანია აიწია ამ „სუფთა სახლზე“, რომ რაღაც საინტერესო ეჭვები გამიჩნდა. როდესაც შიდა გავრცელების სერიოზული ტემპი წავიდა, ჩვენ რომ შევაფასეთ ჯანდაცვის სისტემისა და პროცესების მართვის ხარისხი, მივხვდით, რომ გერმანიის მოდელზე ვერ წავიდოდით, ამიტომ წავედით ასეთი მსხვილი ბლოკების მკვეთრად მობილობის დაგდებით. რაც შეეხება „სუფთა სახლს“, მისი ნომენკლატურა ადამიანს მარტივად შეუძლია იყიდოს ყველა დანარჩენ სასურსათო მაღაზიაში. ამიტომ დავხურეთ „სუფთა სახლი“ ორი კვირით მობილობის დაგდების მიზნით. ეს „სუფთა სახლი“ გახადეთ რაღაც დროშა და აფრიალებთ ამ დროშას უკვე ერთი თვეა,“- განაცხადა გიორგი გახარიამ.