გიორგი გახარიას განცხადებით, აგარის შაქარი ჩვეულებრივ კონკურენტულ გარემოში რენტაბელური ბიზნესი არ არის

აგარის შაქარი ჩვეულებრივ კონკურენტულ გარემოში რენტაბელური ბიზნესი ვერ არის,- ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე აგარის შაქრის შესახებ დასმული კითხვის პასუხად განაცხადა. პრემიერი აცხადებს, რომ ეკონომიკის მინისტრი აგარის შაქარს გაზის ფასთან დაკავშირებით მოლაპარაკებებში ეხმარება, თუმცა, ზოგადად დიდ შეთავაზებაზე საუბარი არ არის.

„ჩვენ კი გვგონია და გვინდა, რომ მოდით ახლა აქ ქარხნები ავაშენოთ, მაგრამ უბრალოდ მუშახელის პრობლემა გვაქვს, კომპეტენტური მუშახელის, რისთვისაც დაიწყო განათლების სისტემის რეფორმა. ეს არ არის პრობლემები, რომლებიც ერთ დღეში წყდება, სისტემური მიდგომა უნდა და ეს გრძელვადიანი თემებია. რაც შეეხება საშუალო და მცირე ბიზნესს, რაც ამ ქვეყნის ეკონომიკას შეუძლია, მაქსიმალურად ვაკეთებთ. კარგი მაგალითია აგარის შაქარი, აგარის შაქარი ჩვეულებრივ კონკურენტულ გარემოში ვერ არის რენტაბელური ბიზნესი. ფაქტია, იმიტომ რომ მართვის პრინციპები, დანადგარები, ტექნოლოგიები, რომელიც აგარის შაქარს აქვს, კონკურენციას ვერ უწევს იმპორტირებულ იაფ შაქარს. იყო ამოცანა, რომ ან სახელმწიფომ წლები უნდა ასუბსიდიროს სოციალური მიზნით, რომ სამუშაო ადგილები შეინარჩუნოს, რასაც გრძელვადიანი მდგრადობა არ აქვს ან მოხდა ის, რაც მოხდა. ახლა უბრალოდ, სასურსათო უსაფრთხოებიდან გამომდინარე, რომ პრობლემა გახდა შაქრის მომარაგება, ასევე ბევრი ფაქტორი დაემთხვა, მათ შორის, გაზის ფასის კლებაც, დღეს როგორც ვიცი, დიდ საგადასახადო შეღავათებზე საუბარი არ არის, ნათია თურნავა, როგორც ვიცი , მოლაპარაკებებში ეხმარება კომპანიას და ამით შესაძლებელი გახდა მისი ამუშავება. როგორც კი შესაძლებლობა გაჩნდა, რომ ეკონომიკურად ამოქოქილიყო ეს საწარმო, გავაკეთეთ, პირველ რიგში ჩვენ ვართ ამაში დაინტერესებული“, - განაცხადა გახარიამ.