"ყველა შესყიდვის განხილვა დეტალურად, ლუპის ქვეშ მოხდება, არ მეშინია და მზად ვარ"

საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას ინფორმაციით, შესყიდვების ნაწილში გადაუდებელი ხარჯი 94 მილიონ ლარს შეადგენდა, საიდანაც 90% მიზნობრივად კორონავირუსთან ბრძოლისთვის დაიხარჯა. ამის შესახებ გიორგი გახარიამ საგანგებო მდგომარეობის დროს კორუფციის საფრთხის ზრდის შესაძლებლობასთან დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

მისივე თქმით, თუ კორუფციის თვალსაზრისით „რაღაც გაიპარა, გადახვევის პრინციპით ყველა შესყიდვის სკრინინგი მოხდება“. ამავე კონტექსტში გახარიამ აღნიშნა, რომ ხელისუფლების ყველაზე ეფექტური მექანიზმი სამოქალაქო სექტორია.

„ხელისუფლების ყველაზე ეფექტური მექანიზმი ჩვენს ქვეყანაში, რა თქმა უნდა, არის სამოქალაქო სექტორი. ყველას ხომ კარგად გვესმის, რომ ამ ქვეყანაში სამოქალაქო სექტორი არის ჩვენი სოციალური და პოლიტიკური ქსოვილის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი და ეფექტურად მომუშავე სექტორი - ეს არის ის, რაც არის გარეთ. რაც შეეხება შიგნით სახელისუფლებო სისტემაში - საგანგებო მდგომარეობის პირობებში ფილტრი გადიოდა შემდეგნაირად, უწყებრივი სამინისტრო, შემდეგ შტაბი, რომელიც იყო შექმნილი საბჭოს დონეზე, შემდეგ მთავრობა და აქ თუ კიდევ რაღაც გაიპარა, თუმცა ამის რისკი არსებობს, დარწმუნებული ვარ, რომ უკან გადახვევით ყველა ამ შესყიდვის სკრინინგი მოხდება, დეტალურად ლუპის ქვეშ მოხდება ამ ყველაფრის განხილვები. არ მეშინია და მზად ვართ ამისთვის. შესყიდვების ნაწილში გადაუდებელი ხარჯები იყო დაახლოებით 94 მილიონი ლარი, აქედან, რაც ზუსტად ვიცი , 90% იყო მიზნობრივად კოვიდთან ბრძოლის თემა“ , - განაცხადა გიორგი გახარიამ.