საზღვრის გახსნის პირობებში დამატებითი რისკები ჩნდება. ჩვენ ხომ არ შეგვიძლია ქვეყანა სამუდამოდ დავკეტოთ, გარკვეული საავიაციო რეისები, რამდენიმე მიმართულების თბილისი-ამსტერდამი და თბილისი-ვენა, უახლოეს დღეებში დაიწყება,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ პარლამენტში განაცხადა, სადაც დეპუტატების კითხვებს პასუხობს.
გახარიას განცხადებით, პირველ ეტაპზე საზღვრის კვეთა საქართველოს ან ორმაგი მოქალაქეებისთვის იქნება ნებადართული. მისი თქმით, რისკების გამო, მთავრობა ცდილობს, საზღვრების გახსნას შორის პერიოდი იყოს ისეთი, რაც საინკუბაციო პერიოდზე დაკვირვებას შესაძლებელს გახდის.
„საზღვრის გახსნის პირობებში უკვე დამატებითი რისკები ჩნდება. ჩვენ ხომ არ შეგვიძლია ქვეყანა სამუდამოდ დავკეტოთ, გარკვეული საავიაციო რეისები რამდენიმე მიმართულების, თბილისი-ამსტერდამი და თბილისი-ვენა, თუ არ ვცდები, უახლოეს დღეებში დაიწყება. რა თქმა უნდა, ეს ნებადართული იქნება მხოლოდ საქართველოს ან ორმაგი მოქალაქეებისთვის, ამ ეტაპზე, მაგრამ ესაა ის არხები, საიდანაც შემოსვლის რისკი შესაძლოა იყოს, მაგრამ მერწმუნეთ, რომ ყველა ეს მიმართულება მაქსიმალურად და ეფექტიანად გვაქვს გადაკეტილი. ამიტომ, ჯერჯერობით ამ შიდა გავრცელების მომენტს ვაკონტროლებთ. კარანტინი არის ახალი გამოვლინების წყარო, ამიტომაა იქ PCR ტესტები ყველასთვის, ასევე, რისკია ტრაილერის მძღოლები და შიდა გავრცელების კლასტერები, ყველა გამოვლენილია. გაურკვეველი წარმომავლობის ინფიცირების შემთხვევა კვირების განმავლობაში არ გვქონია, გარდა კარანტინისა. როდესაც ეკონომიკის ინტერესებიდან გამომდინარე საზღვრების გახსნას დავიწყებთ, იქ გაჩნდება დამატებითი რისკები. ეს შეიძლება იყოს ტურისტი, საქმიანი მოგზაური, ტვირთი, მატარებელი, ეს ყველაფერი შესაძლებელია იყოს. ამიტომ ვცდილობთ, ეტაპობრივად გავხსნათ და გახსნებს შორის პერიოდი იყოს ისეთი, რომელიც გვაძლევს საშუალებას, რომ დავაკვირდეთ საინკუბაციო პერიოდს. ამიტომ არის სეროპრევალენტური კვლევა ასეთი მნიშვნელოვანი“,- განაცხადა გახარიამ.