სახელმწიფოს მიერ საპროცენტო განაკვეთის სუბსიდირებაზე 70 მილიონი ლარი დაიხარჯება, საერთო ჯამში კი სამშენებლო სექტორის დახმარების გეგმის ბიუჯეტი 434 მლნ ლარია.
რაც შეეხება იპოთეკური სესხის პროცენტის სუბსიდირების პროგრამის დეტალებს, როგორც პრემიერ-მინისტრის მიერ გამართულ პრეზენტაციაზე აღინიშნა, სუბსიდირება იპოთეკური სესხის საპროცენტო განაკვეთის 4%-ს შეეხება და სესხის აღებიდან 5 წლის განმავლობაში გაგრძელდება. სუბსიდირება გაიცემა არაუმეტეს 200 000 ლარის ოდენობის იპოთეკურ სესხებზე და მხოლოდ მათ შეეხებათ, ვინც სესხს 2020 წლის 1-ელი ივნისიდან 2021 წლის 1-ელ იანვრამდე აიღებს.