სახელმწიფო დევნილებისთვის წლის ბოლომდე 150 მილიონი ლარის ღირებულების დაახლოებით 1800 საცხოვრებელ ბინას შეიძენს

ეკონომიკურ საკითხებში პრემიერ-მინისტრის მრჩევლის, ბექა ლილუაშვილის განცხადებით, სახელმწიფო დევნილებისთვის წლის ბოლომდე 150 მილიონი ლარის ღირებულების დაახლოებით 1800 საცხოვრებელ ბინას შეიძენს.

როგორც ლილუაშვილმა დეველოპერების ანტიკრიზისული გეგმის პრეზენტაციაზე განაცხადა, შესყიდვის პროცესი იქნება გამჭვირვალე, ჩატარდება აუქციონის წესით და დეველოპერულ სექტორს მასში მონაწილეობის შესაძლებლობა ექნება.

“სახელმწიფო, გარდა იმ რესურსებისა, რაც მას უკვე გამოყოფილი აქვს სახელმწიფო ბიუჯეტში და რითიც ის ახორციელებს დევნილების მხარდაჭერას საცხოვრებელი ფართით, ჩვენ შევიმუშავეთ სპეციალური პროგრამა, რომლის ბიუჯეტი წარმოადგენს 150 მილიონ ლარს და რომელიც სრულად მიემართება იმისთვის, რომ სახელმწიფომ წლის ბოლომდე დეველოპერული სექტორისგან იყიდოს 150 მილიონის ლარის ღირებულების საცხოვრებელი ბინები. ეს არის დაახლოებით 1800 საცხოვრებელი ბინა და 1800 დამატებით დაკმაყოფილებული დევნილი ოჯახი, რაც იმას ნიშნავს, რომ 1800 დევნილი ოჯახი საშუალოდ 3 წლით ადრე დაკმაყოფილდება საცხოვრებელი ფართით იმ გეგმასთან შედარებით, რა გეგმითაც ჩვენ დაგეგმილი გვქონდა ამ ადამიანების საცხოვრისით დაკმაყოფილება. ბუნებრივია, ამ პროცესში სახელმწიფო შესყიდვის პროცედურებს განახორციელებს სრულიად გამჭვირვალედ და აუქციონის წესით, შესაბამისად შევთავაზებთ ჩვენ აუქციონს დეველოპერულ სექტორს და მათ აქვთ შეასაძლებლობა, რომ ამ პროცესში მონაწილეობა მიიღონ”, - განაცხადა ლილუაშვილმა.