„მთავრობა წლის ბოლომდე აღებული ყველა იპოთეკური სესხის 20 %-ის გარანტიას საკუთარ თავზე აიღებს, რათა ბინის შეძენისას წინასწარი შენატანები და საპროცენტო განაკვეთები არ გაიზარდოს"

იმისთვის რომ ბინის შეძენისას არც წინასწარი შენატანები და არც საპროცენტო განაკვეთები არ გაიზარდოს, მთავრობა წლის ბოლომდე აღებული ყველა იპოთეკური სესხის 20%-ის გარანტიას საკუთარ თავზე აიღებს, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა ეკონომიკურ საკითხებში ბექა ლილუაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ამ ღონისძიებით სახელმწიფო გამოდის მისი მოქალაქისთვის თანამსესხებელი.

როგორც ლილუაშვილმა განმარტა, გარანტია გავრცელდება სეხებზე, სადაც თანამონაწილეობა ანუ პირველადი შენატანის მოცულობა იქნება არანკლებ 10 პროცენტისა.

"სახელმწიფო გასცემს გარანტიას იპოთეკურ სესხებზე. ნებისმიერი ფინანსური კრიზისის დროს იზრდება რისკები, რომ ადამიანები დაკარგავენ ან შეუმცირდებათ შემოსავალი. მსესხებლები ვეღარ შეძლებენ სესხის გადახდას. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ მსგავსი გარემოებები ჩვენთან ამ კრიზისის გამო არ მოხდეს და ამაზეა მიმართული ყველა ის ღონისძიება, რომელიც სახელმწიფომ განახორციელა, მათ შორის, სოციალური მხარდაჭერის პაკეტის ნაწილში, მაგრამ ამ რისკების ზრდა, როგორც წესი, იწვევს, რომ იზრდება წინასწარი შენატანები ბინის შესყიდვის დროს, რაც იმას ნიშნავს მოქალაქეებისთვის იზრდება ერთობლივად გადასახდელი ხარჯები და დანაზოგები, რომელიც მათ განზრახული აქვთ რომ გადაიხადონ ბინის შეძენის დროს. იმისთვის რომ არ მოხდეს წინასწარი შენატანების გაზრდა და ასევე, ზოგადად საპროცენტო განაკვეთები არ გაიზარდოს, მთავრობა ახროციელებს წლის ბოლომდე აღებული იპოთეკური სესხის გარანტიას 20 %-ის ოდენობით. ამ ღონისძიებით სახელმწიფო გამოდის მისი მოქალაქისთვის თანამსესხებელი. ეს ნიშნავს იმას, რომ მსგავსი გარანტიის პირობებში პირველადი შენატანი არათუ არ გაიზრდება, შესაძლოა მნიშვნელოვნად შემცირდეს. ეს არის დამატებითი ღონისძიება იმისთვის, რომ კიდევ უფრო ხელმისაწვდომი გახდეს ადამიანისთვის და მოქალაქისთვის საცხოვრებელი ბინის შეძენა. გარანტია გავრცელდება სესხებზე, სადაც თანამონაწილეობა ანუ პირველადი შენატანის მოცულობა იქნება არანაკლებ 10 პროცენტისა," - განაცხადა ბექა ლილუაშვილმა.