ეკონომიკურ საკითხებში პრემიერ-მინისტრის მრჩეველის, ბექა ლილუაშვილის განცხადებით, მათ შეიმუშავეს სპეციალური პროგრამა, რომელიც სახელმწიფოს მხრიდან მშენებლობის დასრულების გარანტიას გულისხმობს და ეს პროგრამა, დაახლოებით, 200 მილიონი ლარის ღირებულებისაა.
მისი თქმით, აღნიშნული პროგრის მიხედვით, თუ მშენებელი სამშენებლო პროექტით გათვალისწინებული ფართობის 30%-ს ვერ გაყიდის თავისუფალ ბაზარზე, სახელმწიფო ამ მოცულობის ფართებს შეიძენს და რა თქმა უნდა, შემდეგ ეს ბინები გამოყენებული იქნება დევნილების საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილების პროექტის ფარგლებში.
„ჩვენ ძალიან მძიმე გამოცდილება გვაქვს იმისა, რომ როდესაც დეველოპერული სამშენებლო სექტორში კრიზისები ხდება ამ დროს პრობლემაა მიმდინარე მშენებლობის დასრულება და იზრდება დასრულების რისკები. ამ რისკების ზრდა ნიშნავს, რომ ამ სექტორში დასაქმებული ადამიანები სამშენებლო კომპანიამ სამსახურიდან უნდა გაუშვას. ასევე ნიშნავს იმას, რომ ვისაც შეძენილი აქვს უძრავი ქონება და მშენებლობის პროცესშია, ისინი დაკარგავენ იმ ფინანსურ რესურსს და თანხებს, რომელიც უკვე ამ ბინის შეძენისთვის გადაიხადეს. ჩვენ დღემდე გვყავს დაუსრულებელი მშენებლობებით დაზარალებული ადამიანები და სახელმწიფო დღემდე მათზე ზრუნვას აგრძელებს. სწორედ იმისთვის, რომ მსგავსი რისკები მიმდინარე კრიზისის დროს მაქსიმალურად დავაზღვიოთ, შევიმუშავეთ სპეციალური პროგრამა, რომელიც გულისხმობს მშენებლობის დასრულების გარანტიას სახელმწიფოს მხრიდან. ეს, დაახლოებით, 200 მილიონი ლარის ღირებულების პროგრამაა, რომელიც მშენებელს ეუბნება, რომ იმ შემთხვევაში, თუ თქვენი სამშენებლო პროექტით გათვალისწინებული ფართების 30%-ს თქვენ ვერ გაყიდით თავისუფალ ბაზარზე, სახელმწიფო ამ მოცულობის ფართებს შეიძენს და რა თქმა უნდა, შემდეგ ეს ბინები გამოყენებული იქნება დევნილების საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილების პროექტის ფარგლებში. ეს არის ის გარანტია, რომელიც ერთი მხრივ, ჩვენ მოქალაქეებს საშუალებას აძლევს, რომ მათ შეუფეხებლად განახორციელონ მუშაობა და მეორე მხრივ, სექტორს იმის გარანტიას აძლევს, რომ ის ნებისმიერ შემთხვევაში მოახდენს საპროექტო პროცესში სამშენებლო ფართების 30%-ის რეალიზაციას სახელმწიფოზე და შესაბამისად მას უადვილდება ფინანსურ რესურსებზე წვდომა. ეს მნიშვნელოვანი წინაპირობაა იმისა, რომ სექტორმა შეუფერხებლად გაააგრძელოს მუშაობა“,-განაცხადა ბექა ლილუაშვილმა.