"არ უნდა ველოდოთ, რომ  უძრავ ქონებაზე ფასები გაიზრდება, ეს გამორიცხულია"

არავითარ შემთხვევაში არ უნდა ველოდოთ, რომ უძრავ ქონებაზე ფასები გაიზრდება, ეს გამორიცხულია,- ამის შესახებ პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის შემდეგ "საქართველოს უძრავი ქონება - m²"-ის წარმომადგენელმა ირაკლი ბურდილაძემ განაცხადა. მისივე თქმით, მთავრობის მიერ წარმოდგენილი პაკეტი დაბალანსებული და ყოვლისმომცველია.

"ასეთი დონის კრიზისი მსოფლიოს ისტორიაში არ ყოფილა და ბუნებრივია, ნებისმიერი კრიზისის დროს ეკონომიკას სჭირდება სტიმულირება. ეს პაკეტი, რომელიც მთავრობამ წარმოადგინა, ყოვლისმომცველია და კარგად დაბალანსებული. ეს პროგრამა ხელს შეუწყობს დეველოპერულ სექტორში ლიკვიდურობის შენარჩუნებას. ასევე, სტაბილურობის შენარჩუნებას და დაეხმარება ამ სექტორში მოქმედ კომპანიებს და ამ სექტორში დასაქმებულ ხალხს. გაყიდვები ჩვენთან არ შემცირებულა. კრიზისი დაიწყო რამდენიმე თვის წინ, გაყიდვების შემცირება მოსალოდნელი იყო, რომ არ ყოფილიყო ეს პროგრამა, შეიძლება ყოფნა-არყოფნის საკითხიც დამდგარიყო. ამიტომ ეს პროგრამა, ჩვენი აზრით, ამ საფრთხეებს აარიდებს ქვეყანას. არავითარ შემთხვევაში არ უნდა ველოდოთ, რომ ფასები უძრავ ქონებაზე გაიზრდება, ეს გამორიცხულია. შემცირება აუცილებლად მოხდებოდა, რომ არ ყოფილიყო სტიმულირების პაკეტი. შეიძლება ფასები ისე შემცირდეს, რომ ზოგიერთი დეველოპერი საერთოდ ბიზნესიდან გამოვიდეს. ეს ისეთი საფრთხეებია, რომლის თავიდან აცილება კრიზისის დროს აუცილებელია და ეს პროგრამა, რომელიც მთავრობამ დადო, ფასების მერყეობას მინიმუმამდე დაიყვანს. სახელმწიფო უფრო მეტ დარტყმას მიიღებდა, რომ არა ეს სტიმულირების პაკეტი, უფრო მეტ სამუშაო ადგილს დაკარგავდა", - განაცხადა ბურდილაძემ.