ამერიკულ FedEx-ს გერმანულ Hermes-ში წილის ყიდვა სურს

კორონავირუსის პანდემიის შედეგად სახლში ნივთების მიტანის სერვისი სულ უფრო პოპულარული ხდება.

ამის ფონზე ამერიკულმა ლოჯისტიკურმა კომპანიამ FedEx-მა საკუთარი შესაძლებლობების გაფართოება გადაწყვიტა. კერძოდ, FedEx-მა გერმანულ Otto-ს შვილობილი კომპანიის Hermes-ის წილის შეძენაზე გააკეთა განაცხადი. ამის შესახებ გერმანული გაზეთი Handelsblatt-ი საკუთარ წყაროზე დაყრდნობით წერს.

FedEx-ი ევროპის ბაზარზე ნივთების მიწოდებას შეზღუდული მოცულობით ახდენს. Hermes-ში წილის შეძენის შემთხვევაში, ამერიკული კომპანია ბაზარზე მნიშვნელოვან წილს დაიკავებს. თუმცა როგორც Reuters-ი წერს, ეს რისკის გარეშე ვერ მოხდება. სააგენტო იხსენებს, რომ FedEx-მა ჯერ კიდევ ვერ მოახერხა ევროპული TNT Express-ის ინტეგრაცია, რომელიც შეიძინა 2016 წელს.

რაც შეეხება Hermes-ს, როგორც Otto-ში აცხადებენ, გერმანიასა და დიდ ბრიტანეთში სახლში მიტანის სერვისზე მოთხოვნამ წინასაახალწლო პერიოდის მაჩვენებელს მიაღწია.