ტურისტებს, რომელთაც კვიპროსში მოგზაურობისას COVID-19 აღმოაჩნდათ, დასვენების ხარჯები აუნაზღაურდებათ

უცხოელ ტურისტებს, რომელთაც კვიპროსში მოგზაურობისას COVID-19 აღმოაჩნდათ, დასვენების ხარჯები აუნაზღაურდებათ.

ამის შესახებ Associated Press-ი ქვეყნის მთავრობაზე დაყრდნობით წერს.

საგარეო საქმეთა, ტრანსპორტისა და ტურიზმის სამინისტრომ ტურ-ოპერატორებსა და ავიახაზებს შეტყობინება უკვე გაუგზავნა. შეტყობინებაში საუბარია იმ სანიტარულ ნორმებსა და პროტოკოლებზე, რომელიც ტურისტების უსაფრთხოებისთვის მიიღეს.

გავრცელებული ცნობით, იგეგმება სასტუმროს, მედიკამენტების და პაციენტებისა და მათი ოჯახის წევრების საკვების ანაზღაურება. ტურისტებს მხოლოდ მოუწევთ აეროპორტამდე ტრანსფერის და სამშობლოში დაბრუნების ხარჯის დაფარვა.

გარდა ამისა, ექსკლუზიურად ტურისტებისთვის გამოყოფილია 100-საწოლიანი საავადმყოფო, სადაც აუცილებლობის შემთხვევაში საწოლების რაოდენობა გაიზრდება.

კვიპროსის მთავრობის ეს ნაბიჯი მიზნად ისახავს სამომავლოდ ტურისტების ქვეყანაში მობრუნებას.

კვიპროსი კორონავირუსის ეპიდემიის გამო დაწესებულ შეზღუდვებს ეტაპობრივად ხსნის. 1-ლი ივნისიდან გაიხსნება ყველა სასტუმრო, 9 ივნისიდან კი კუნძული ფრენებს 13 ქვეყანასთან აღადგენს, მათ შორის არის გერმანია, ისრაელი, საბერძნეთი, დანია, უნგრეთი, ბულგარეთი და ა.შ.